საბეჭდავის ციკლოპური ციხე-სიმაგრე და ნამოსახლარი

Georgia / Kvemo Kartli / Tsalka /
 ციხე-სიმაგრე, არქეოლოგიური ადგილი, მეგალითები, ნასოფლარი, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები

საბეჭდავის "ციკლოპური" ნამოსახლარი მდებარეობს წალკის რაიონის სოფ. ბეშთაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ის დაცილებით მდ. ბეიუკჩაის მარცხენა ნაპირზე მთა ელი-ბაბას (ზ. დ. 1674.8 მ) თხემზე და ფერდობებზე. სამხრეთიდან მშრალი ხევი საზღვრავს. მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს XII-XVIII საუკუნეების ნასოფლარი შუასოფელი.
ნასოფლარი შუასოფელი მდებარეობს მთა ელი-ბაბას სამხრეთი ფერდობის ქვედა ტერასაზე. სახლები ნაგები ყოფილა ბაზალტის მოზრდილი ქვებით უდუღაბოდ. ნასოფლარის გეგმარება საკმაოდ კარგად იკითხება. ჩანს გზები, პატარა მოედნები და საცხოვრებელი სახლების გეგმები. ნასოფლარის ტერიტორიაზე და მთის თხემზე დგას ბეშთაშენში მოსახლე ბერძნების მიერ XIX-XX სს. "აღდგენილი" ეკლესიები. ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს "ციკლოპური" სიმაგრე და ნამოსახლარი.
"ციკლოპური" ნამოსახლარი ,რომელიც მთის თხემზე და დასავლეთ კალთაზეა განფენილი არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ძვ.წ. XIII-XII სს. თარიღდება. ნამოსახლარი წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც სასიმაგრო სისტემების (ზედა და ქვედა სიმაგრეები), მათ შიგნით და გარეთ არსებული უბნებისაგან შედგება. კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარე სიმაგრის (ქვედა სიმაგრე) სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 130 მ-ს უდრის, ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 90 მ-ს. გალავნის კედლები ნაგებია ბაზალტის დიდი, დაუმუშავებელი ლოდებით, უდუღაბოდ. კედლების სისქე 3-4 მ-ს აღწევს. გალავნის მთელ პერიმეტრზე მიდგმულია სხვადასხვა ზომის 30-მდე საცხოვრებელი სახლი. რომელთა შორის დატოვებულია გასასვლელები და ქუჩები. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0.8-1.5 მ უდრის.
სიმაგრის ცენტრალური ნაწილი ნაგებობებისაგან თავისუფალი ჩანს. ქვედა სიმაგრე ხევის და მდინარის ხერთვისში ბუნებრივ კონცხზეა გამართული. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ორი შესასვლელი აქვს. ერთი შესავლელი სამხრეთიდანაა. მისი სიგანე თავდაპირველად 5 მ უნდა ყოფილიყო. შესასვლელის მარჯვნივ ბუნებრივ ბაქანზე მდგარა ხუთკუთხა (`) ნაგებობა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. ამ შესასვლელით ვხვდებით სიმაგრის ტერიტორიაზე.
როგორც აღვნიშნეთ სიმაგრე ორადაა გაყოფილი. დასავლეთი ნაწილი პატარაა და როგორც ჩანს დაუსახლებელი იყო. მისი სიგრძე ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 87 მ-ს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე კი 32 მ-ს შეადგენდა. სიმაგრის მთლიანი სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 162 მ. ჩრდილოთ-სამხრეთის ხაზზე კი 90 მ უდრის. სიმაგრის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი გაყოფილია 1.0 მ სიგანის კედლით ,რომლის შუა ნაწილში 1.3 მ სიგანის კარის ღიობია გაჭრილი.
გალავნის კედლებზე შიდა პერიმეტრზე მიდგმულია ოცდაათამდე სახლი.
მიუხედავად იმისა რომ სიმაგრე ძლიერ დაზიანებულია ძირითადი გეგმის გარჩევა მაინც შესაძლებელია. რადგან ნაგებობათა კედლები მიწის ზედაპირზე კარგად ჩანს.
ქვედა სიმაგრის აღმოსავლეთი შესასვლელიდან ,რომლის სიგანე 6 მ-ია (მეორე შესასვლელი) აღმოსავლეთით მთის წვერისაკენ მიემართება ბაზალტის დიდი ქვებისაგან გაწყობილი "ხეივანი" ,რომელიც 100 მ-ის შემდეგ ორად იყოფა და ელი-ბაბას მთას გარშემო უვლის. მისი საერთო სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 1200 მ-ია. მთის ფერდობზე და წვერზე "ხეივნის" შიგნით განლაგებულია ცალკეული საცხოვრებელი უბნები, სასიმაგრო სისტემები (II და III უბნები) გალავნით შემოზღუდული საკულტო მოედანი. საცხოვრებელ უბნებში გამოვლენილი სახლები თავისი გეგმარებით განსხვავდებიან სიმაგრის შიგნით გათხრილი სახლებისაგან. თუ სიმაგრეში გათხრილი სახლები მცირე ზომისაა და ძირითადად ერთი ოთახისაგან შედგება ,კვარტლებში უმეტესად ორსათავსიანი დიდი ზომის სახლებია. სახლები ნახევრად მიწურებს წარმოადგენდნენ და როგორც ჩანს ბანური გადახურვა ჰქონდათ. ამაზე მიუთითებს A უბანზე გათხრილ #5 სახლში გამოვლენილი საბოძე ორმოები და B უბნის # 1 და # 3 სახლებში მიკვლეული ქვის ბალიშები. პირველ კვარტალში (B უბანი) 40-მდე სახლი დასტურდება რომელთაგან ოთხია გათხრილი. სახლების ფართობი 150-160 კვადრატული მეტრია. ოთხივე სახლი დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებითაა ნაგები, მშრალად. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1.0-1.5 მ-ს უდრის. თითოეული მათგანი ორი მცირე და დიდი სათავსისაგან შედგება. მცირეში მოწყობილია კერა ან ღუმელი იატაკი თიხატკეპნილია. დიდი სათავსოს იატაკის ნახევარი ბაზალტის ფილებითაა მოგებული (ზღვე). #1 სახლს ორი შესასვლელი აქვს, დანარჩენებს ერთი. სახლებს გრძელი კორიდორისებური შესასვლელი აქვთ.
ქვედა სიმაგრეში გათხრილია 9 სახლი. ყველა მათგანი მიდგმულია სასიმაგრო კედელზე .ნაგებია დაუმუშავებელი ქვებით. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0.6-1.8 მ უდრის. იატაკი უმეტეს შემთხვევაში თიხატკეპნილია (სახლი # 1,4,26,27,28,29). ერთ შემთხვევაში სახლის (#5) იატაკს მოშანდაკებული ბაზალტის დედაქანი წარმოადგენს. #2 და #3 სახლების იატაკები არათანაბარია და ბაზალტის დედაქანის უხეში მოსწორებითაა შექმნილი. ##2,26,28 სახლებში დადასტურდა კერები. ისინი წარმოადგენენ თიხისაგან გამოძერწილ სტაციონალურ კერებს, რომელთა დიამეტრი 0.3-0.4 მ-ია. #3 სახლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცეცხლის კვალი დადასტურდა.
სახლებში აღმოჩენილი მასალა ძირითადად კერამიკითაა წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ხელითაა ნაძერწი, უხეშკეციანია და არათანაბრადაა გამომწვარი. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი რიყის და ბაზალტის ქვის სანაყები და სასრესები. სახლებში აღმოჩენილი მასალები ძვ.წ. XIII-XII სს. თარიღდება ნამოსახლარის ტერიტორიის დაზვერვისას ძვ.წ. I ათასწლეულის მასალებიც იქნა შეგროვილი.
ნამოსახლარს ოთხი სამაროვანი აკრავს. ერთი სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მინდორზეა განლაგებული, მეორე - მდ. ბეიუკჩაის მარჯვენა ნაპირზე, მესამე - ნამოსახლარის დასავლეთით, მეოთხე კი ჩრდილო-დასავლეთით. ეს უკანასკნელი 2002-2003 წწ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას იქნა შეწავლილი. გაითხარა 100-ზე მეტი სამარხი, რომლებიც ძვ.წ. VII-VI სს თარიღდება.
სამწუხაროდ ნანგრევები დღემდე უსტატუსოდაა.
საბეჭდავის „ციკლოპური” ნამოსახლარი :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°39'23"N   44°8'33"E
This article was last modified 1 წლის წინ