ეკის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Senaki /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

სოფელ ეკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მთაზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლი, რომლის შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებით. ეკლესია დარბაზულია. აქვს ნახევარწრიული აბსიდა და კამაროვანი გადახურვა. ტაძარი ორგანყოფილებიანია: დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთი, აბსიდიანი. პირველი მეორისგან ორსვეტზე დაყრდნობილი კედლითაა გამოყოფილი. ტაძრის დასავლეთის ნაწილს გრძივ ღერძზე ორ-ორი ფართო, ხოლო დასავლეთის კედლის ღერძზე გაჭრილი ერთი სარკმელი აქვს. სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის პირი ასევე ორნამენტირებულია. ტაძრის ეს ნაწილი ადრეული ნაგებობაა (X-XI სს.). უფრო გვიანდელია მასზე მიშენებული მისი აღმოსავლეთი ნაწილი აბსიდითურთ. მას გრძივ კედლებსა და აბსიდის ღერძზე გაჭრილი თითო ვიწრო სარკმელი აქვს. საკურთხეველში დგას კირქვის ტრაპეზი, რომელზეც ჯვარია გამოსახული. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ეკის ნათლისმცემლის კომპლექსის ისტორია დღემდე იდუმალებითა და ბურუსითაა მოცული, მის შესახებ ისტორიას არაფერი შემოუნახავს, არც უძველეს გუჯრებსა და ქრონიკებშია ეკის ანსამბლის შესახებ რაიმე ცნობა დაცული. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ გვიან პერიოდის პუბლიკაციებშიც, 19 ს. ოცდაათიანი წლებიდან გამოცემულ სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერია ცნობილი, იგი ამ პერიოდშიც მკვლევართა მიღმაა დარჩენილი. არც საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურაში არ ყოფილა გამოქვეყნებული ამ ძეგლის არსებობის შესახებ რაიმე უბრალო ცნობაც კი.თუ რატომ იყო უგულვებელყოფილი საუკუნეების მანძილზე ეს ფრიად მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი, ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება.
როგორც ირკვევა ეკის სამონასტრო კომპლექსი აგებულია "იოანე ნათლისმცემლის" სახელზე. მსგავსი სახელწოდების ეკლესიები გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში-კახეთში, სამცხეში, საინგილოში, იმერეთში, გურიაში და სხვ. ადგილობრივი მოსასლეობა მას "ნათლისმეცემელს".. ან კიდევ (ამ სახელწოდების) "ოხვამეს" უწოდებს. სანდაზმული მოხუცები მას იოანეს კი არა "ივანეს" სახელს უკავშირებენ, რის გამოც ტრადიციული სახალხო დღესასწაულიც "ხვამაივანობა" (მცხეთობის, ალავერდობის და ქურმუხობის მსგავსად) უხსოვარ დროიდან ყოფილა დამკვიდრებული, 24 ივანობის თვეს (24 ივნისს ძველი სტილით). ხოლო მეორე ტერმინი "ოხვამე", მეგრულად სამლოცველოს ნიშნავს. როგორც ჩანს ეს ტერმინი საკულტო დანიშნულობისაა, რომლის ფუძე "ხვამა" (ლოცვა) - "ოხვამე"-რი (სალოცავი) შორეული წარსულიდან მომდინარეობს. მეცნიერების აზრით მის წარმოშობას წარმართულ სარწმუნოებასთან უდევს სათავე. ტერმინ ეკლესიამ თავისი სინონიმი "ოხვამე" საუკუნეების მანძილზე ვერ განდევნა ხალხური მეტყველებიდან და დღესაც სამეგრელოში ეკლესიას ყველგან "ოხვამეს: ეძახიან. სამეგრელოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულია, რომ არსებობდა მრავალი "ოხვამერი". (სალოცავი), რომლის რიტუალი სრულდებოდა მარანში. უხსოვარი დროიდან მარანი სამეგრელოში აღიარებული იყო, როგორც სამლოცველო, (წმიდა ადგილი)1. ამ წეს-ჩვეულებამ ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების შემდეგაც გადმოინაცვლა და მტკიცედ დამკვიდრდა, ამიტომაც ტერმინი "ოხვამე" ქრისტიანულ- სამლოცველო შენობასაც დაერქვა. ასეთია ტერმინი "ოხვამეს" ეტიმოლოგიის შესახებ მოკლე განმარტება.
დაწვრილებით იხ,გვერდი :"ეკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი" facebook-ზე.
ამჟამად ტაძარი რესტავრირებულია.იხ.ვიდეო:"ღვთის სახლი - სქურის და ეკის ტაძრების რესტავრაციის შესახებ"(2015 წ.):
www.youtube.com/watch?v=ijKEOsJIIkI&t=668s
“ეკი” მეგრულად ამაღლებულ ადგილს, აღმართს ნიშნავს. ეკში მცხოვრებლები ადგილს, სადაც იოანე ნათლისმცემლის ტაძარია აგებული “ნათლისცემს”, “ნაცმერს”, ნაცმერიშ სუკუს”, ნაციცმელუს” უწოდებენ.

ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი კომპლექსია, რომელშიც შედის ეკლესია, სამრეკლო, სასახლე და სხვა ნაგებობები, რომლებსაც ირგვლივ შემოვლებული აქვს ქვითკირის მაღალი გალავანი.

კომპლექსის ცენტრში დგას დარბაზული ერთნავიანი უგუმბათო ქვის ეკლესია. მკვლევრები ტაძრის აგების დროდ IX-X საუკუნეებს მიიჩნევენ.

ეკლესიის დარბაზის შიდა სივრცე ერთმანეთზე მიშენებული ორი ნაწილისაგან შედგება: დასავლეთი ნაწილი უძველესია, აღმოსავლეთი კი – გვიან აგებული. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა. დღეს შემორჩენილია მხატვრობის კვალი.
მონასტრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ეკლესიიდან დაახლოებით 15 მეტრზე დგას ორსართულიანი ქვის სამრეკლო. სამრეკლოს XIII-XIV საუკუნეებში აგებულად თვლიან. აქ შემორჩენილია ძველი ქართული წარწერები.


ილია ადამია აღნიშნავდა, რომ სამრეკლოს ჩრდილოეთ მხარეს, გალავნის გარეთ, მიშენებულია ქვითკირის დილეგი.

სამრეკლოს აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი სასახლის ნაშთი, რომელსაც ამჟამად აღადგენენ. ილია ადამია აქ მარნის არსებობას ვარაუდობდა.

მონასტრის ვრცელი ეზო შემოზღუდულია უჩვეულოდ მაღალი ქვითკირის გალავნით, რომლის ზოგიერთი ადგილი ჩამოშლილია. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია შესასვლელი.
ეკის სამონასტრო კომპლექსში დღემდე შემორჩენილია ქვაზე ამოკვეთილი მრავალფეროვანი ორნამენტები და განუმეორებელი სიფაქიზით შესრულებული წნულები.

მონასტრის გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, დგას რამდენიმე წლის წინ შეძენილი ბერების საცხოვრებელი ოდა სახლი.

ეკის სამონასტრო კომპლექსი ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა, აქ სამეგრელოს მთავარ დადიანების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო ეკლესიით, სასახლით და სხვა ნაგებობებით.

ისტორიკოსმა აბესალომ ტუღუშმა 1988 წელს გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა და სამრეკლოს წარწერები.

ტაძრის კედელში ჩატანებული ქვაზე შესრულებული კარიბჭის სააღმშენებლო ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის ილია ადამიას მიერ გადაღებული ფოტოს მიხედვით ტექსტის ა. ტუღუშისეული წაკითხვა ასეთია:
"...ქ. აღიშენა კ(ა)რ(ი)ბჭე ესე (ე)ლითა ივ(ა)ნე ქოროჯანის ძის(ა)თა შ(ეუნდევე)ნ ღ(მერთმან) ა(მი)ნ..."

ტაძრის კარიბჭის აღმშენებელი ივანე ქოროჯანიძე XIV საუკუნის ოსტატი უნდა იყოს.
1847-1848 წლებში საქართველოში სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა გამოჩენილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. ის 1848 წლის აპრილში იყო სამეგრელოშიც და აღწერა აქაური სიძველეები.

მარი ბროსემ მის მიერ მოპოვებული მასალები 1851 წ. ფრანგულ ენაზე გამოსცა სანკტ-პეტერბურგში. მან გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამრეკლოს წარწერა. ფრანგი მეცნიერი ამაზე წერდა: “ხსენებული ადგილიდან (შხეფი) რამდენიმე ვერსზე არის ეკის მონასტერი. ბატონმა ნოროვმა (არქიტექტორი ა.ს.) გადაწერა სამრეკლოს თაღზე არსებული წარწერა, რომელიც სამწუხაროდ შელახულია.

ბროსეს ცნობით, ბატონი ნოროვი აღნიშნავს, რომ ეკის ეკლესიის მთავარ ფასადზე, მაღლა, მოთავსებულია კირით დაფარული წარწერა, რომელიც კიბისა და წინასწარი გასუფთავების გარეშე ძნელია წასაკითხად. (წარწერას მიაკვლია და გამოაქვეყნა ილია ადამიამ).

ეკის სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, მღვდლის სახლი 2014-2016 წლებში აღადგინა ოსტატთა ჯგუფმა დიმიტრი კატაშვილის ხელმძღვანელობით.
კომპლექსის აღდგენა-მშენებლობის პროცესს მეთვალყურეობდა მურთაზ ურიდია.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში წირვებს ატარებს მღვდელი ალექსი (რეკვავა).
ათასწლეულების განმავლობაში დადუმებული ეკის უძველესი სამონასტრო კომპლექსი ისევ ქრისტიანული სულიერების სავანე ხდება.
www.ambioni.ge/ekis-ioane-natlismcemlis-monasteri
იხ.რესტავრაციამდე სურათებით :"ეკის ,,იოანე ნათლისმცემლის" სახელობის ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°19'18"N   42°6'26"E
  •  213 კმ
  •  306 კმ
  •  425 კმ
  •  517 კმ
  •  601 კმ
  •  735 კმ
  •  748 კმ
  •  752 კმ
  •  839 კმ
  •  901 კმ
This article was last modified 4 წლის წინ