ზემო მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი

Georgia / Kakheti / Lagodekhi /
 ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

ობიექტი წარმოადგენს არქიტექტურულ-სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია: ორნავიანი ბაზილიკით, დარბაზული ეკლესიით, ორნავიანი საწნახლით, გალავნით და ნაგებობათა კედლის ნაშთებით.
კომლექსი განლაგებულია ბუნებრივი ხევებით გამოყოფილ ბორცვზე, კავკასიონის ქედის ძირში. ნამოსახლარების კვალი 600 მ. რადისუზე ვრცელდება.
1.ცენტრალურ ადგილას აშენებული ორნავიანი ბაზილიკა მე-6-7 სს ნაგებობაა, მე-10 საუკუნეში ორჯერ განახლებული. დანგრეულია მე-11 საუკუნეში. ნაგებია ნატეხი ქვით კირხსნარზე. ჩრდილოეთის კედლით დაახლოებით 80 სმ-ის სიღრმეზე მიწაშია შესმული. წყობა ჰორიზონტალურია. შესასვლელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დასავლეთის კარი ორი საფეხურითაა ამაღლებული დარბაზის იატაკიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, მე-10 საუკუნეში დაგრძელებული ბემით, აწეული საკურთხევლის იატაკით და აგურის კანკელით. ქვით ნაგები სწორკუთხა ტრაპეზი საკურთხევლის შუაშია გამართული. დარბაზს დასავლეთის და სამხრეთის კედლების გასწვრივ ფართო და მაღალი საფეხური გასდევს. დარბაზის შუაში, აღსავლის კარის წინ ქვით ნაგები და კირით შელესილი წრიული პედესტალია საწინამძღვრე ჯვრისთვის. საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კუთხეში ოთხკუთხა ტრაპეზია ხატისთვის.
ჩრდილოეთის ნავი უაფსიდოა; მასში მოხვედრა მხოლოდ ბაზილიკის ცენტრალური ნავიდანაა შესაძლებელი. ის დარბაზისგან ოთხკუთხა ბურჯზე, აფსიდის ჩრდილოეთ კედელსა და დასაველეთ კედელზე გადასულ თაღედითაა გამოყოფილი. ეკლესიის განახლების დროს ბურჯი გაუსქელებიათ და გაუმაგრებიათ. სამკვეთლო ნავისგან კედლითაა გამოყოფილი. აღმოსავლეთის კედელთან მთელს სიგანეზე ქვის ცალრიგა წყობით შემაღლებაა გაკეთებული, რომელზეც აგურით ნაგები ტრაპეზი იყო ამოყვანილი. ჩრდილოეთი ნავის დასავლეთი კედლის ძირში ფართო პლატფორმაა მოწყობილი.
ბაზილიკას სამხრეთიდან თანადროული გალერეა აქვს, რომელიც სამხრეთის მხრიდან ორმალიანი თაღით იყო გახსნილი.
განახლების დროს ნაგებობა მთლიანად შეულესავთ კირხსნარით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლით. აფსიდის წინ აკლდამაა გამართული, რომელშიც მამაკაცი აღმოჩნდა დაკრძალული.
ბაზლიკას აღმოსავლეთის კედელზე მე-10 ს. განახლების დროინდელი ორნავიანი საწნახელი აქვს მიშენებული. საწნახლის ნავები შიგნით ფსკერისკენ შევიწროვებულია. თითოეულს აქვს თავისი სადინარი ხვრელი, რომელიც ნავთა გამყოფი ტიხრის ძირშია დატანებული. საწნახელი შიგნიდან შელესილი იყო და ფსკერის შუაში სადინარი ღარი დასდევდა. მოგვიანებით სამხრეთის ნავი ამოუქოლავთ, ხოლო ჩრდილოეთის შეუკეთებიათ.
ბაზილიკას დასავლეთით მე-10 საუკუნის გარშემოსავლელი აქვს.
2. მე-10-11 სს. დარბაზული ეკლესი ბაზილიკისგან ჩრდილო-დასავლეთით 20 მეტრში დგას. აშენებულია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. საფუძველი კირხსნარისაა, მასზე ამოყვანილია ერთსაფეხურიანი ნატეხი ქვის ცოკოლი. აფსიდა შიგ ჩაწერილი ნახევარწრეა, რომელსაც მთლიანად შემოუყვება ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი. ეკლესიაში შესასვლელი დატანებულია როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელში. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. საკურთხეველი ორსაფეხურიანი პარმაღითაა გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხევლის სიღრმეში, ქვით ნაგები ოთხკუთხა ტრაპეზია თავისი სანაწილეთი. კამარა გრძივ კედლებზე გაკეთებულ თხელ პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. მოგვიანებით კედელთა გამაგრებისა და კამარის საბჯენად დამატებით აგურის ორი წყვილი უფრო სქელი და მასიური პილასტრები მიუშენებიათ. ეკლესია შიგნიდან შელესილია. კირხსნარითაა მოგებული იატაკიც.
ეკლესიას ჩრდილოეთიდან მოგვიანებით მიდგმული მცირე ზომის სამლოცველო - ეკვდერი აქვს, რომელშიც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარიდანაა. მინაშენი უაფსიდოა, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მცირე არქიტრავული სარკმლებით. ეკვდერის კამაროვანი გადახურვა ეკლესიის ჩრდ. კედელზე მიდგმულ პილასტრს და მასზე გადასულ ორ თაღს ეყრდნობოდა. ეკვდერს ერთფერდა სახურავი ქონდა. ეკვდერში რიყის ქვით ამოშენებული და ფიქალის ფილებით გადახურული სამარხი იყო გამართული, რომელშიც ერთი მამაკაცი იყო დაკრძალული.
ეკლესიას მოგვიანო მინაშენი ქონდა სამხრეთიდანაც. მისი სამხრეთი კედელი ერთსაფეხურიან ნატეხი ქვით ნაგებ ცოკოლზეა ამოყვანილი. მინაშენს შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთ კედელში ქონდა გაჭრილი. მოგვიანებით დასავლეთის კარი აქაც ამოუშენებიათ. მინაშენის აბსიდა ჩაწერილი ნახევარწრეა, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი.
ეკლესია ნანგრევების სახითაა შემორჩენილი: თითქმის დანგრეულია აბსიდა, კონტრფორსებიდან აღარ შემორჩა ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრ-დასავლეთისა. ცოკოლის დონეზეა მორღვეული სამხრეთის მინაშენი.
3. მე-11 ს. ორნავიანი საწნახელი მდებარეობს ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 მეტრში. ნაგებია ნატეხი ქვით კირხსნარზე. დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. შუაში გატიხრულია ორ ნავად. ნავების კედლები გარედან შვეულია, შიგნით დაქანებულია და ძირისკენ შევიწროვებული. იატაკი კირხსნარითაა გადალესილი. საწნახელს სადინარი ენა სამხრეთისკენ აქვს მიქცეული და ორსაფეხურიანია. საწნახელი ცალკე მდგომი ნაგებობაა და მასთან მარანი არ დადასტურდა.
4. დარბაზული ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ჩრდილოეთით ქვის მშრალი წყობით ნაგები ზღუდის ნაშთია შემორჩენილი, რომლის შიდა სივრცეში აღმოჩნდა ნამარნალი და მარანი.
სამონასტრო კომპლექსს 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სამონასტრო კომპლექსი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სამონასტრო კომპლექსის ორნავიანი საწნახელი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სამონასტრო კომლექსის ორნავიანი ბაზილიკა :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°52'58"N   46°11'41"E
  •  166 კმ
  •  1092 კმ
  •  1274 კმ
  •  1302 კმ
  •  1325 კმ
  •  1405 კმ
  •  1574 კმ
  •  1615 კმ
  •  1849 კმ
  •  1854 კმ
This article was last modified 4 წლის წინ