ხირსის წმ. სტეფანეს გუმბათიანი ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი (ტიბაანი (ყოფ.ხირსა))

Georgia / Kakheti / Tsnori / ტიბაანი (ყოფ.ხირსა)
 მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, 6th century construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

ხირსის (ამჟამად ტიბაანი) მონასტრის დაარსება უკავშირდება ღირსი სტეფანეს (552-557 წწ.) სახელს, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში ასურელ მამებთან ერთად მოვიდა საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მან შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე ტყით დაფარული პატარა ფერდობი, სადაც დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მცირე ეკლესია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918 წწ) მონდომებით შეცვლილა გუმბათიანი ტაძრით. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს განახლდა.

ეტიმოლოგიურად თითქმის აუხსნელია ხირსის სახელწოდება. ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსი“-დან, რომელიც შემდეგ იქცა ხირსად, ხოლო მეორე მოსაზრებით მას სახელწოდება უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მოსაზრებით კი ამ სახელის მატარებელი იყო ადგილი პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულ წმინდა მამას მის აღსანიშნავად ეწოდებინა მონასტრისთვის.

ხირსის მონასტერი სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ცდილობდნენ ქრისტიანობა შეეტანათ დაღესტნელ ლეკებში. ამ მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია XVIII საუკუნის მოღვაწე იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას მისდევდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახთის ერთ-ერთი მონასტერი იყო, რომელშიც ღვთისმსახურება აღესრულებოდა.

1895 წელს ხირსის მონასტერზე ლეონიდე ოქროპირიძე წერდა: „ეს უბედური მონასტერი აუცილებლად დაიკეტება ჩვენთვის და რუსებს ჩაუვარდებათ ხელში. სწორედ დედამიწის ბოლო ჰგონიათ ყველას და აქ წამოსვლა დაღუპვად მიაჩნიათ, როდესაც ქართველები ასე უგულოდ ეკიდებიან ამ მონასტერს, რუსები გულმოდგინობენ. იქნება ეგზარხოსსაც აღარ ჰკითხონ, პირდაპირ პეტერბურგიდან ბერები გამოაგზავნონ. ქართველი ვარ და არ მინდა ჩემი მამა-პაპათა სასაფლაო უცხო ტომის ხალხს ჩავუგდო ხელში. მონასტერი გაიღვიძებს, აღდგება და მტკიცე საფუძველზე დადგება.“

კომუნისტების პერიოდში აქ მონასტრული ცხოვრება შეწყდა. გაიძარცვა ყველაფერი, საფლავებიც კი. თავად ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსალთულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან მონასტერი კვლავ მოქმედი გახდა.
სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა - წმ. სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარი , რომელიც ბაზილიკის სახით აუშენებია სტეფანე ხირსელს. IX-X საუკუნეების მიჯნაზე, როგორც თავად ტაძრის წარწერა ამბობს, კახეთის ქორეპისკოპოსს კვირიკეს ბრძანებით ბაზილიკა გადაუკეთებიათ გუმბათოვან ტაძრად. შემდეგ იგი არაერთხელ დანგრეულა და აღუდგენიათ (XI ს., XVI ს., XIX ს.). ტაძარი კაპიტალურად შეკეთებულა 1822 წელს ეგზარქოს იონას დროს.
მთელი ამ პროცესების შემდეგ ტაძარი ნაგებია ლოდებით, აგურებითა და რიყის ქვებით.
ტაძრის მთავარი საკურთხეველის მარჯვნივ, სამხრეთით, არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით, მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც ღირსი სტეფანე ხირსელის სამარხია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთითა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც (განახლდა 2002 წლის გაზაფხულზე), რომელსაც გარედან მღვდელმონაზონ ფილადელფოს კიკნაძის მიერ მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.
ტაძარს არ აქვს განსაკუთრებული ჩუქურთმები, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ კედელზე სარკმლის თავზე შესრულებულ არქიტრავს, მის ზემოთ ჩადგმულ აყვავებული ჯვრის რელიეფს ქართული ასომთავრული წარწერით:
„ქრისტე ადიდე კვირიკე მეფე“
და ამავე სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ ჩადგმულ რელიეფურ ჯვრებს. მარჯვენა ჯვრის მკლავებში ასევე ქართული ასომთავრული წარწერაა შესრულებული:
„ქ. ქრისტე ადიდე მეფობა ლეონისი, ამინ. უფალო.“
მონასტრის დასავლეთ კედელში ჩადგმულია კიდევ ერთი წარწერიანი ფილა, რომელიც იხსენიებს იმპერატორ ალექსანდრეს და მის მხედრობას:
„ადიდე ღმერთო იმპერატორი ალექსანდრე პირველი და მხედრობანი მისნი. ამინ. და არხიმანდრიტი ნიკიფორე.“
ტაძრის ინტერიერში, რამდენიმე ადგილას კედელში ჩადგმულია ჩუქურთმები, რომლებიც ბაზილიკის კუთვნილი უნდა იყოს.
ტაძრის დასავლეთით აღმართულია მაღალი გალავანი, რომელიც პლატონ იოსელიანის ცნობით კახეთის მეფე ლევანს შეუკეთებია. XIX საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) საკუთარი სახსრებით აუგია ტაძრის სამსართულიანი სამრეკლო. ამავე პერიოდში მონასტრის ეზოში დაარსდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ხირსის მონასტრის მთავარი სიწმინდე იყო წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკა თითი. გადმოცემით, ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა — ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისათვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულებით სამონასტრო კომპლექსს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

"ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერი":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ხირსის წმ. სტეფანეს მონასტრის გუმბათიანი ტაძარი":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"გალავანი"(უსურათოდ): memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°34'39"N   46°0'1"E
  •  204 კმ
  •  1125 კმ
  •  1307 კმ
  •  1340 კმ
  •  1362 კმ
  •  1440 კმ
  •  1609 კმ
  •  1653 კმ
  •  1886 კმ
  •  1891 კმ
This article was last modified 1 წლის წინ