Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

დავითგარეჯის მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი ( თეთრი სენაკები) | გამოქვაბული, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Gardabani /
 გამოქვაბული, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

" მრავალწყაროს" კომპლექსი 1995 წ. იქნა აღმოჩენილი ფონდ ,,უდაბნოს“ მიერ. თავიდან მას "თეთრ სენაკებს "უწოდებდნენ, მომდევნო ეტაპზე კი კომპლექსთან არსებული წყაროების გამო "მრავალწყარო "უწოდეს. კომპლექსი IX საუკუნეში ჩანს დაარსებული, ხოლო XIII ს. უკვე მიტოვებულია.
კომპლექსი მოიცავს ხუთ ეკლესიას, რომლებიც ორ იარუსადაა გამოკვეთილი მთის სამხრეთ ფერდზე:
1. დარბაზული ეკლესია სამხრეთის ეკვდერით. გამოკვეთილია კომპლექსის დასავლეთ კიდეში ქვედა იარუსზე. ამჟამად სამხრეთის ეკვდერის დიდი ნაწილი ჩამოშლილია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. მხრებზე დაბჯენილია თაღი, რომელიც აბსიდის კონქის „საყრდენია“. ტრაპეზის თავზე სწორკუთხა ნიშაა გამოკვეთილი, მის ორივე მხარეს კი თითო თაღოვანი და მოზრდილი ნიშა. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე დეკორატიული თაღებია. სამხრეთის კედელი ამჟამად უკვე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, თუმცა ირჩევა, რომ ამ კედლის აღმოსავლეთ თაღში ეკვდერში გასასვლელი კარი იყო გაჭრილი. არქიტრავული კარია გაჭრილი ასევე ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზი თაღოვანია. ტაძრის ჩრდილოეთი კარი სათავსოში გადის. სათავსო არასწორი ფორმის სწორკუთხედია, მის ჩრდილოეთ კედელში მთელს სიგრძეზე საკმაოდ მაღალი თაროა გამოჭრილი. თარო გასდევს აღმოსავლეთ კედელსაც. ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის კუთხეში, იატაკში ჭურჭლის ჩასადგმელი ორმოა ამოჭრილი. სამხრეთი ეკვდერიდან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. კედლის შუაში სატრიუმფო თაღია გამოკვეთილი, რომლის ღერძზე კლდეშივე ნაკვეთი ტრაპეზია. აფსიდის ჩრდილოეთით კედელში დიდი ნიშაა გამოკვეთილი. ტაძარი და ეკვდერი შელესილია.
ტაძრის დასავლეთ კედელსა და ჩრდილოეთ კედელზე ნაკაწრი გამოსახულებებია: ცხენების, მხედრების, მეომრების, პილიგრიმების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკვდერის აფსიდაში შესრულებული ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული ლაშქარია მოცემული. ფიგურებს შორის ნუსხური ნაკაწრი წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძარი მოხატული ყოფილა, მისგან ახლა მხოლოდ თაღის ამყოლებზეა ფრაგმენტები შემორჩენილი. ტაძარს დასავლეთით მცირე ზომის ოთახი ეკვრის, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ჩრდილოთი ნაწილია დარჩენილი.
2. გუმბათიანი ტაძარი მდებარეობს დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზე. სამხრეთის ნაწილი აქაც ჩამოქცეულია, ხოლო ტაძარში შესასვლელი ღიობი იმდენადაა ამოვსებული ნაშალით, რომ მასში შესვლა მხოლოდ დაწოლითაა შესაძლებელი. ტაძარი თავისუფალი ჯვრის ტიპისაა. ყველაზე ღრმა აღმოსავლეთის მკლავი - აფსიდაა. სამხრეთ მკლავში ორი სწორკუთხა ღიობია, რომლებიც ტაძარში შესასვლელს წარმოადგენს. გუმბათი სამ საფეხურიანი ცილინდრის ფორმისაა. გუმბათის გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ცრუ ტრომპებითაა იმიტირებული. ტაძარი წმინდადაა გაჯით გალესილი. ტაძარს სამხრეთით ეკვდერი უნდა ჰქონოდა, რომელიც ამჟამად სრულად ჩამოშლილია. ტაძარი ნაშალითაა ნაწილობრივ ამოვსებული.
3. სამლოცველო მდებარეობს გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზე. სწორკუთხა შესასვლელი ღიობი სამხრეთ კედელშია. მის დასავლეთით კედელში მცირე ზომის თაღოვანი ნიშაა, აღმოსავლეთით კი თაღოვანი სარკმელი, რომელიც საკურთხეველს ანათებს. სამლოცველოს აფსიდა მხრებითა და თაღითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდა კონქისებრადაა დასრულებული. აფსიდაში კედელს შერწყმული ნაკვეთი ტრაპეზია, რომლის თავზე კედელში თაღოვანი სახატე ნიშაა. საკურთხევლის არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში, სარკმლის მოპირდაპირე მხარეს, თაღოვანი ნიშაა. სამლოცველოს ჩრდილოეთიდან მცირე ქვაბული ეკვრის, რომლის ჩრდილოეთი კედლის მთელს სიგრძეზე მერხია (საწოლი ?). სამლოცველო შელესილი ყოფილა, შელესილობა ამჟამად ნაწილობრივაა შემორჩენილი.
4. აღწერილი ქვაბების აღმოსავლეთით სულ ზევით კიდევ ერთი ქვაბულია, რომელშიც ამჟამად შესვლა შეუძლებელია.
5. ღვთისმშობლის სამლოცველო კომპლექსის აღმოსავლეთ კიდეში, ზედა იარუსზეა გამოკვეთილი, ძნელად მისადგომია. თაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, მის აღმოსავლეთით ასეთივე მოყვანილობის სარკმელია, რომელიც ტაძრის საკურთხეველს ანათებს. ნახევარწრიულ აფსიდას ნაგები ეკლესიის აფსიდის ყველა მახასიათებელი აქვს: ნახევარწრიულობა, კონქით დაბოლოება, დარბაზისგან მხრებით გამოყოფა და სატრიუმფო თაღი. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კედელზე გამოკვეთილია ტრაპეზი, რომლის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშაა ამოჭრილი, სამხრეთით კი თაღოვანი სარკმელი. აფსიდის მხრების ძირში დაბალი საფეხურია გაკეთებული. ტაძარს კანკელი უნდა ჰქონოდა - აფსიდის მხრების წინ ფოსოებია გაკეთებული. ტაძრის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, შესასვლელი კარის მოპირდაპირედ, მაღალი, ორსაფეხურიანი პილასტრით გაფორმებული ნიშაა. ნიშის სიღრმეში, ქვედა ნაწილში დამატებით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა გამოჭრილი. ასეთივე ორსაფეხურიანი და პილასტრით გაფორმებული თაღოვანი ნიშაა დასავლეთ კედელშიც.
ტაძარი მოხატული ყოფილა. მხატვრობა IX ს. თარიღდება. საკურთხეველში მხოლოდ ქვედა რეგისტრის წითელი ზოლი და ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის სილუეტი განირჩევა. შედარებით უკეთაა დაცული ჩრდილოეთი მკლავის მოხატულობა: მთელს სიმაღლეზე მოცემულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით (იესოს გამოსახულება არაა შემორჩენილი). მის თავთან, თაღის არეზე უფლის მაკურთხეველი მარჯვენაა მოცემული. ნიშის მარჯვენა და მარცხენა კედელზე წმინდა დედებია გამოსახული. დასავლეთი კედლის მოხატულობიდან იკითხება ორი დიდებულის პორტრეტი, რომლებიც ღვთისმშობლის მიმართ ვედრების პოზაში არიან მოცემულნი. მათგან უკეთ დაცულ დიდებულს შუა საუკუნეების ქართველი დიდებულებისთვის მახასიათებელი მოკლე კაბა აცვია, ქამრით შეკრული. მხატვრობის კოლორიტი საზეიმოა. გამოყენებულია წითელი, ყავისფერი, ცისფერი და ოქროსფერი.
ტაძრის კედლებზე 70-მდე ლაპიდარული წარწერაა შესრულებული. მათგან ყველაზე ადრეული IX ს თარიღდება. ყველაზე გვიანი კი XIII საუკუნით. წარწერებს შორისაა გარეჯის უძველესი თარიღიანი წარწერა - 851 წ. 8 სექტემბრისა, ლავრის წინამძღვრის სამი წარწერა, კაწარელი ეპისკოპოსის ხარიტონის მოსახსენებელი წარწერა და ქართული ანბანი.

იხ ფოტოებით "გარეჯის მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი":
memkvidreoba.gov.ge/ელექტრო ქვესადგური7585
www.mygeorgia.ge/
wikipedia-ში სტატიაა:'თეთრსენაკების მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ხუთვერსიან რუკაზე არის აღნიშნული. მდებარეობს დოდოს რქის დასავლეთით, როგორც გიორგი ჩუბინაშვილი უწოდებს ე. წ. „რომანტიული“ ხევის ბოლოში.
ლოგიკურად ეს სტატია უნდა გაერთიანდეს "მრავალწყაროს მონასტრის" სტატიასთან.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°32'16"N   45°15'10"E
  •  244 კმ
  •  1130 კმ
  •  1308 კმ
  •  1373 კმ
  •  1378 კმ
  •  1451 კმ
  •  1621 კმ
  •  1681 კმ
  •  1922 კმ
  •  1928 კმ
This article was last modified 4 წლის წინ