დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი და დედათა მონასტერი (ყვარელი)

Georgia / Kakheti / Kvareli / ყვარელი
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

უძველესი VI ს-ის რიყის ქვის ნაგები დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ყვარელში მდინარე ბურსის სანაპიროზე მდებარეობს. იგი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. ტაძარი ვაკე ადგილზე, ტერასაზე მდებარეობს. ამ ადგილს მოსახლეობა დუბეს ეძახდა. აქედან წარმოდგება ტაძრის სახელწოდება - დუბის საყდარი. საბას განმარტებით, დუბე დაბალი ადგილია.
ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან გადმოდიოდა სასწაულმოქმედი წყალი "ღვთისმშობლის ცრემლები", რომელსაც კურნების მადლი ჰქონდა. ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სამონასტრო კოლმპლექსის დიდი ნაწილი აუფეთქებიათ, რის შედეგადაც სასწაულთმოქმედი წყალი დამშრალა.
2000 წლის 4 დეკემბერს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი.
მონასტრის მთავარი სიწმინდეებია წმინდანთა უხრწნელი ნაწილები: წმინდა პირველმოწამე სტეფანე პირველდიაკონისა, წმინდა დიდმოწამე პროკოფისა, წმინდა მოწამე ტრიფონისა, წმინდა პირველმოწამე თეკლასი, ღირსი ილარიონ დიდისა, ღირსი ეფრონია პოლოცკელისა, ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ თოთხმეტი ათას ყრმათაგანისა და დუბის ღვთისმშობლის ხატი.
მონასტერში ფუნქციონირებს ჭრა-კერვის, ქარგვისა და ძველი წიგნების სარესტავრაციო სახელოსნოები. დები ქსოვენ სკვნილებს, აცხობენ ეპარქიისთვის სეფისკვერს. დედათა მონასტერს აქვს დამხმარე მეურნეობა - ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი.
2006 წელს დუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარს ჩაუტარდა ნაწილობრივი რესტავრაცია ბატონ იოანე სამხარაულის დახმარებით. დუბის მონასტრის დობა მდუმარე, დაუშრეტელი მოსაგრეობით ცხოვრობს მონასტერში. 2011 წელს მონასტრის წინამძღვარი იყო მონაზონი თეკლა (კანანაძე).
იხ. სტატია "ყვარელი" ( თეა ცაგურიშვილი) : karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/chemi-sofeli/7185-yvare...
ტაძარი წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას, ნაგებია სხვადასხვა ზომის, მეტნაკლებად სწორხაზოვან რიგებად ნაწყობი რიყის ქვით. გარეთა კედლების (ძირითადად კუთხეების) წყობაში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის რიყის ქვები და ალაგ-ალაგ შირიმი. შენობის გეგმის სწორკუთხედში (21.8X17მ.) ჩაწერილია ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ და გვერდითი სადგომების დამაკავშირებელი დასავლეთ გარსშემოსავლელი.
ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდება. შენობა გადაკეთებულია. ამდროინდელია მთავარი ეკლესიის კამარისა და საბჯენი თაღების შემორჩენილი ნაწილები, კონქი, პილასტრები, კანკელი, გვერდის ნავების და დასავლეთ გარშემოსავლელის კედლები, სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი სათავსის მნიშვნელოვანი ნაწილები და სხვ. მომდევნო ხანებში გარშემოსავლელის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოუწყვიათ მცირე კვადრატული სათავსი, ხოლო ჩრდილოეთ ფასადზე მიუშენებიათ გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა, რომლისგანაც კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
1988წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა (პროექტის ავტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ზ. ქუფარაშვილი). აღდგა მთავარი ეკლესიის, სამკვეთლოს და სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი სათავსის გადახურვა, გამაგრდა გვერდის ნავების და დასავლეთ გარშემოსავლელის კედლების შემორჩენილი ნაწილები.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. პირველი ორი განიერია, ჰქონიათ თაღოვანი გადახურვა (შემორჩენილია ორივე თაღის თითო ქუსლი), მესამე თარაზულად ყოფილა გადახურული.
მთავარი ეკლესია მნიშვნელოვნად აღემატება გვერდით ეკლესიებს. აქვს სამი შესასვლელი: ორი მათგანი გვერდის ეკლესიებიდანაა, ერთი - დასავლეთის გარშემოსავლელიდან. სამივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი ხის მოზრდილი ძელებით ყოფილა გადახურული. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული, პარალელურწირთხლებიანი სარკმელი. იგი მოგვიანებით ამოუშენებიათ და მნიშვნელოვნად დაუვიწროვებიათ (რესტავრაციის შემდგომ სარკმელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახე). ორი, გაცილებით მცირე, თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. გრძივ კედლებზე ორ-ორი მძლავრი პილასტრია, რომლებზეც გადადის დარბაზის გადამხურავი კამარის საბჯენი თაღები. აფსიდს გარშემოუყვება მაღალი საფეხური. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია. აფსიდის წინ მოწყობილი იყო ქვის კანკელი, რომელსაც ჰქონდა ორი თაღოვანი შესასვლელი, ორი სწორკუთხა თახჩა და ერთი სწორკუთხა ღიობი (ამჟამინდელი კანკელი ნაწილობრივ სახეცვლილია). ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსი (სამკვეთლო) გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ბრტყელი კამარით, რომლის სამხრეთ ქუსლი მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ პილასტრსა და მასზე გადაყვანილ ორ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო თაღოვანი სარკმელია.
სამხრეთ ეკლესია თავდაპირველად ერთ სივრცეს წარმოადგენდა, აღმოსავლეთით დასრულებული იყო სწორი კედლით, რომელშიც მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ერთ-ერთი გადაკეთების დროს, სადგომის აღმოსავლეთ ბოლოში მოუწყვიათ მცირე სათავსი, რომლის შესასვლელი დასავლეთიდან, მოგვიანებით ჩაშენებულ კედელშია მოწყობილი. კარი დაუდევრადაა გამოყვანილი, გადახურულია თარაზულად. აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ოთახს კიდევ ერთი, სამხრეთ კედელში გაჭრილი (გვიანდელია) თითქმის კვადრატული ფორმის სარკმელიც აშუქებს. დასავლეთ გარშემოსასვლელის დასავლეთ კედელში სამი განიერი, პარალელურწირთხლებიანი ღიობის ნაშთებია შემორჩენილი. გარშემოსასვლელი, ისევე როგორც გვერდის ეკლესიები, გადახურული იყო ბრტყელი კამარით, რომელიც მთავარი ეკლესიის კედლებზე მიდგმულ პილასტრებსა და მათზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა.
იხ.სურათებით " დუბე. ეკლესია ყველაწმინდა":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°56'28"N   45°49'28"E
  •  179 კმ
  •  1085 კმ
  •  1265 კმ
  •  1311 კმ
  •  1325 კმ
  •  1401 კმ
  •  1571 კმ
  •  1621 კმ
  •  1859 კმ
  •  1864 კმ
This article was last modified 4 წლის წინ