ჭილაშვილების (მილახვრიანთკარის) ციხე-დარბაზი (სასახლე) (დუშეთი) | კოშკი, ისტორიული ადგილები, საინტერესო ადგილები

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Dusheti / დუშეთი / მილახვრიანთკარი
 კოშკი, სასახლე, ისტორიული ადგილები, ციხე, საინტერესო ადგილები

ჭილაშვილების ციხე-დარბაზი — ციხე-დარბაზი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთის დასავლეთ ნაპირას, ისტორიული ცენტრის სიახლოვეს, ქალაქის დღევანდელ გარეუბანში მილახვრიაანთ დასახლებაში მდებარეობს.
კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ესენია: მთავარი კოშკი, გალავანი კოშკებით, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კედლები გარედან თეთრი ფერით იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი მას „თეთრ სასახლესაც“ უწოდებდა. ახლა ჭილაშვილების ციხე-დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ესე იგი ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს:
„ ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანას შვილმან, მილახვარმან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღ[ვთ]ისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღ[მერ]თი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქ[რისტ]ესსა ჩყ, ქ[ორონი]კ[ონ]სა უპც. “
წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. შენობის თავდაპირველი სახე და მშენებლობის უმთავრესი ეტაპი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება.
ჭილაშვილები დიდგვაროვანნი არ ყოფილან, მაგრამ დიდად შემოსავლიანი თანამდებობები ჰქონდათ სამემკვიდრეოთ და იმდენად გამდიდრდნენ, რომ მათი ვალი ბატონიშვილებსაც კი ემართად. 1782 წელს ვახტანგ ბატონიშვილის მიერ „არაგველ აზნაურიშვილის“ ბაბანა ჭილაშვილისათვის ბოძებულ სიგელში ნათქვამია:
„...ძველთაგანც იმ ქვეყნის მებატონების მილახვრობა გქონდა და რუსეთიდამ მომავალის ვაჭრისა და თუ აქედან წამსვლელის ვაჭრისა, და აგრეთვე ჩერქეზეთიდამ მოსულის ცხენების ბაჟის აღება ყოველთვის შენს ოჯახში სახელოდ ყოფილიყო. “
ეს ციხე–დარბაზი დიდ ფეოდალთა ციხე–დარბაზებთან შედარებით მცირეა, თუმცა შეიცავს ყველა დამახასიათებელ ელემენტს: გალავანს, კოშკებს, საცხოვრებელ სახლს, კარის ეკლესიას, სამეურნეო სადგომებს. ამ „შიდა ციხის“ გარეთ ყოფილა საჯინიბოები და გარეთა გალავანი, რომელიც ჭილაშვილების ბაღ–ვენახებს ერტყმოდა გარს. მილახვრიანთ კარის ციხე ამჟამად გადაკეთებულია, მისი პირვლანდელი სახის სრულად წარმოდგენა ვერ ხერხდება.
1982-1983 წლებში შიდა ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების( ხელმძღვ. რ. რამიშვილი) შედეგად გაირკვა, რომ მილახვრიანთკარის სასახლის ადგილას მდგარა შედარებით უფრო ძველი, რიყის ქვით ნაგები დიდი შენობა.აღმოჩნდა შუა საუკუნეების მოზრდილი შენობის ნაწილები, ხოლო გალავნის აღმოსავლეთი კედლის წინ — ხანძრით განადგურებული, გვიანდელი შუა საუკუნეების (XVII–XVIII სს.) ნასახლარის ნაშთი.
მილახვრიანთკარის სამხრ.-დასით, სოფლის წარჩინებულთა სასაფლაოზე დგას XVIII ს. ბოლოს აგურით და ქვით აგებული პატარა ერთნავიანი ეკლესია, აზნაურ ჭილაშვილების საგვარეულო საძვალე.
სასახლის ცალკეულ ნაგებობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უაღრესად დახვეწილი ხელოვნებით ნაგები მრგვალი საცხოვრებელ-თავდაცვითი კოშკი.
მცირე ზომის, რიყის ქვითა და აგურით ნაგები კარის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. იგი გალავნის ჩრდილოეთ კედელზეა მიშენებული. მის წინ, ხის აივანია მოწყობილი, რომელიც ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მთელ პერიმეტრზე მიუყვება. ეკლესიაში ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი, სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთშია გაჭრილი. ინტერიერი სადაა. სივრცე ორი წყვილი პილასტრით არის დანაწევრებული. აღმოსავლეთით სრულდება მოკლე, გაშლილი მოხაზულობის აფსიდით, რომელიც იატაკის დონიდან ერთი საფეხურით არის ამაღლებული. დარბაზული სივრციდან, საკურთხეველი კანკელით არის გამოყოფილი. შირიმის ქვით ნაგები კანკელი მსუბუქი და ჰაეროვანია. გახსნილია სამი მაღალი, ნახევარწრიული თაღით. საკურთხეველს კონქი არა აქვს, ის თითქოს გადაჭრილია და დარბაზის დანარჩენ სივრცესთან ერთად ხის ფიცრული ჭერით ბრტყლად არის გადახურული. ინტერიერის კედლები სქლად არის შებათქაშებული. გრძივი კედლების პილასტრებშორის სიბრტყეებში ერთსაფეხუროვანი შეღრმავებაა მოცემული. ეკლესიის შიდა სივრცე განათებულია ერთადერთი, მცირე ზომის სარკმლით, რომელიც სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია გაჭრილი. ერთადერთი, სამხრეთი ფასადი უხეშად, ცემენტით არის შელესილი. კარის ეკლესია, ციხე-დარბაზის განუყოფელი ნაწილია. იგი ორგანულად არის ჩაწერილი კომპლექსის კომპოზიციაში და თავისი მოკრძალებული ზომებითა და სისადავით, პასუხობს როგორც ციხე-დარბაზის კომპაქტურ, მცირე მასშტაბს, ასევე სადა მხატვრულ სახეს.
ციხე-დარბაზის გალავნის დასავლეთ კედელს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების მწკრივი მიუყვება: სამზარეულო_სატრაპეზო, აბანო და მარანი ერთიმეორის გვერდით არის განლაგებული. ამჟამად, თითქმის ყველა ნაგებობა ადგილზეა დაცული. სამივე სათავსი გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა და ბრტყლად არის გადახურული. სატრაპეზოს ამჟამად სქლად შეთეთრებულ კედლებს ორ რეგისტრად მიუყვება თაღოვანი ნიშების რიგი. დასავლეთ კედელში ბუხარია მოწყობილი. იმავე კედელს, მოგვიანებით ხის დედაბოძი მიადგეს. მარანში, ამ ნაგებობათაგან ყველაზე კარგად არის შემონახული სიძველე. სწორკუთხა მოხაზულობის სათავსში, თხელი, თავაპირველი ნალესობის ქვეშ, იკითხება რიყის ქვის რეგულარული, თევზისფხისებრი წყობა. კონსტრუქციულ ნაწილებში აგურია გამოყენებული. კომპარტიმენტის გრძივ კედლებზე სწორკუთხა და თაღოვანი ღრმა, მაღალი ნიშებია ჩაკვეთილი. დასავლეთი კედლის ცენტრში მცირე ზომის კომპაქტური ბუხარია, რომელიც ფლანკირებულია ერთი მხრივ სწორკუთხა, ხოლო მეორე მხარეს შესანიშნავი, ნალისებრი მოხაზულობის თაღოვანი ნიშით. გვიანი, ბრტყელი გადახურვის ქვეშ დაცულია თავდაპირველი გადახურვის ხის მორკალური კოჭი. დღეს, ამ სათავსებს წინ ხის სადა აივანი მიუყვება. გალავანში შემავალი სამეურნეო დანიშნულების ყველა ნაგებობა ციხე -დარბაზის კომპაქტურ, კომპოზიციურად გააზრებული ერთიანი სტრუქტურის განუყოფელ, ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
1970-იანი წლებიდან ციხე–დარბაზის ტერიტორიაზე მოთავსებულია არქეოლოგიურ კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ–საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა(ფონდსაცავები, ბიბლიოთეკა, სარესტავრაციო და სხვა ლაბორატორიები, ლექტორიუმი, საწყობები და სხვ.),რომელიც 2007 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. აქ უკვე წლებია აღარ მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი ან საგანმანათლებლო აქტივობა, თუმცა ქალაქის ისტორიული
რესურსის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პოტენციალის მატარებელია.
ციხე–დარბაზის აღმოსავლეთის ფასადის წინ ღია მუზეუმია მოწყობილი, სადაც გადმოტანილია არაგვის ხეობაში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ზოგიერთი არქიტექტურული ნაგებობისა და სამარხთა ნაშთები.
იხ.: "ამილახვრების სასახლე": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6970
"ჭილაშვილების ციხე-დარბაზი, კარის ეკლესია ":memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/15061
"კოშკი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13961
" სამეურნეო ნაგებობები ": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/15054
" კოშკი შესასვლელის თავზე": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13987
"გალავანი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13693
"დუშეთი": georgianencyclopedia.ge/index.php/%E1%83%93%E1%83%A3%E1...
" ქ. დუშეთის საბაზო გეგმა": rm.coe.int/1680703a34





dusheti.org.ge/?m=1&sm=9&ssm=1
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'16"N   44°40'44"E
This article was last modified 6 წლის წინ