დმანისის ნაქალაქარის ბურჯიანი მეჩეთი

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 მეჩეთი, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები

დმანისის ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, III არქეოლოგიურ უბანზე შემორჩენილი შენობით ჯერ კიდევ 1937 წელს დაინტერესდა არქეოლოგი ლევან მუსხელიშვილი.
ამ შენობის ნანგრევები თავისი სიდიდით, უჩვეულო ფორმითა და სქელი, სუფთად ნაგები კედლებით,
მკვეთრად განსხვავდება დმანისის ნაქალაქარის სხვა ნაგებობებისგან.კომპოზიცია მარტივია: იგი ოდნავ წაგრძელებული, კვადრატს მიახლოებული სწორკუთხოვანი, 10,00x8,00 მეტრი ზომის დიდი ოთახია (ილუსტ. 45), შენობის 1.5 მეტრი სიგანის კარის ღიობი აღმოსავლეთ კედელშია დატანებული.
შენობის შიდა სივრცეში მყოფი ადამიანის ყურადღებას, სამხრეთი კედელი და მის შუაგულში ჩაშენებული, ნახევარწრიული თაღით გადახურული თახჩა - სალოცავი ნიში − მიჰრაბი. (სიმაღლე 2.25 მეტრი, სიგანე − 1.00 მეტრი, სიღრმე − 0.70 მეტრი) იპყრობს. შენობის სივრცის გასანათებლად მოწყობილ სარკმელთაგან სამი სწორედ რომ სამხრეთის კედელშია დატანებული. მათგან ორი ნახევარწრიული თახჩის სიმეტრიულად არის განთავსებული,მესამე კი თახჩის მაღლა, კედლის შუა-ამჟამად სარკმლის ადგილი ჩამოშლილია.
სამხრეთ კედელს გარედან, თახჩის პირდაპირ, სქელი, ნახევარკონუსისებრი ბურჯი აქვს მიშენებული.
შენობას ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი აქვს, რასაც მეჩეთის ნაგებობის კანონიკურობა მოითხოვს − მექისკენ ორიენტაცია, მიჰრაბი და, სავარაუდოდ, მინბარი.რაც შეეხება მინარეთს, ის გამოვლენილი არ არის, თუ რა თქმა უნდა, მეჩეთიდან მოშორებით, დღემდე არქეოლოგიურად შეუსწავლელ მონაკვეთზე, არ მდებარეობდა.ყოველ შემთხვევაში, მეჩეთზე მიდგმით მიშენებული იგი არ ჩანს.
ნაქალაქარ დმანისის III არქეოლოგიურ უბანზე გამოვლენილი მეჩეთის აგების თარიღად XIV საუკუნის I ნახევარი უნდა მივიჩნიოთ, როგორც ამას ლევან მუსხელიშვილი ვარაუდობდა; ან ოდნავ ადრეული პერიოდი − XIII საუკუნის II ნახევარი, მეტწილად − XIII საუკუნის დასასრული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში − X-XI საუკუნეები.
XIV საუკუნის ბოლოსათვის ქალაქ დმანისის ბურჯმიშენებული მეჩეთი მოშლილი ჩანს. აღნიშნულ ფაქტი თემურ ლენგის შემოსევებსა და მის მიერ ქალაქ დმანისის განადგურებას უკავშირდება.
შენობის შიგნით და გარეთ ჩატარებულმა გათხრებმაც აჩვენა, რომ მეჩეთს მალევე დაუკარგავს თავისი ფუნქცია და იგი შემდგომში საცხოვრებელ ნაგებობად გამოუყენებიათ.
გვიან შუა საუკუნეებში, გარდა მეჩეთის ინტერიერისა, საცხოვრებელ თუ დამხმარე სამეურნეო სივრცედ გამოყენებული ჩანს მისი გარე, ფასადების მიმდებარე პერიმეტრები.სავარაუდოდ, ხის მინაშენები იყო მოწყობილი მეჩეთის ოთხივე ფასადთან. მეჩეთის კედლებს უნდა დაყრდნობოდა ამ მინაშენთა გადახურვის კონსტრუქციის ერთი მხარე,ხოლო მეორე − ფასადებისგან მოშორებით აღმართულ ხის ბოძებს. ამ ვარაუდის
გამომხატველი რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა: ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ფასადებთან, ზედა დონეზე მოწყობილი თონეები, ხოლო სამხრეთ ფასადთან, კონუსური ფორმის ბურჯთან, მიწაში ჩაფლული ორი ცალი მომცრო ზომის ქვევრი.
სავარაუდოა, რომ ბურჯიანი მეჩეთს ქალაქის ერთ-ერთი უბნის სალოცავის ფუნქცია ჰქონდა, ხოლო II უბანზე გამოვლენილი მინარეთიანი, მედრესემიდგმული მეჩეთი დმანისის მოსახლეობის ისლამური რელიგიის აღმსარებელთა მთავარი სასულიერო-სასწავლო ცენტრი ყოფილიყო.
ჯიმშერ ჩხვიმიანი "შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და
კონფესიური სტრუქტურის საკითხები (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა):
2.2. ე.წ ბურჯიანი მეჩეთი (გვ.112-136)
eprints.iliauni.edu.ge/10266/1/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°20'14"N   44°20'42"E
This article was last modified 4 წლის წინ