გერის წმინდა გიორგის ეკლესია

Georgia / Shida Kartli / Java /
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

გერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ლიახვის ხეობაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სოფ. გერში(ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე). მოსახლეობა ოსური იყო. ამიტომაც ტოპონიმ „გერი“-ს წარმოშობას ს. მაკალათია ოსურ „ჯერ ჯვარ“ ან „ჯერ ძუარ“-ს უკავშირებს და ფესვებს სვანურ "ჯგერაგსა" და მეგრულ "ჯგეგესთან" ეძებს.
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული ხვარაზმა, რომელსაც მოჰყოლია ვაჟი ვარამადსადი. ხვარაზმას ნამზითვი წმინდა გიორგის ნაწილიანი მოჭედილი ხატი უშვილო მეფეს გერისთვის უბოძებია. სპარსელების შემოსევისას ხელმწიფეს ვარამადსადი მთაში გაუხიზნავს, რომელსაც მთის წვერზე აუშენებია ეკლესია და ხატიც იქვე დაუსვენებია. სოფელს ამის გამო გერი დარქმევია.
,,მოსახლეობაში გერის შესახებ მეორე თქმულებაც არსებობს: წმ. გიორგი რომ უწამებიათ, ასო-ასოდ აუქნიათ. მისი მკლავი და თავი გერში დაუმარხავთ, ამ ადგილსაც ამის გამო, თავგერი ეწოდაო. გერის წმინდა გიორგის ძმებიც ჰყოლია: არბოს ჯვარი, ატოცის წმ. გიორგი და სარკის წმ. გიორგი’’ - წერს დიდი ქართველი ეთნოგრაფი, სერგი მაკალათია 1971 წელს.
გერი(ს)თობა იწყებოდა 27 აგვისტოს და გრძელდებოდა სამ კვირას: პირველი თავგერითობა, მეორე-შუაგერითობა და მესამე გერის ბოლო, რომელიც არბოში იმართებოდა. მლოცველები გერში მთელი ქართლიდან მოდიოდნენ და დგებოდნენ ღამისთევით. ამ ხატში სიარული მოსახლეობას არ შეუწყვეტია კომუნისტური მმართველობის პერიოდშიც კი.

ხალხური რწმენით, თავგერს მინდობილი ჰქონდა ეშმაკებთან ბრძოლა და მათი მოსპობაო. ამასთანავე, გერი ითვლებოდა სულით ავადმყოფობის, ეპილეფსიანების, მუნჯებისა და დახუთულების მკურნალად. ვინც გერს შესცოდავს და მისგან დამიზეზებულია, მას ეშმაკები დაეპატრონებიანო და ეპილეფსია და სიგიჟეც ამის გამოხატულებად მიაჩნდათ. სხვა „უმიზეზო“ ავადმყოფს- მაგ. ჭლექიანებს, სახადიანებს, ქარებით სნეულებს და სხვ. გერი არ არჩენსო.

გერში სულით ავადმყოფთა განსაკურნებლად ერთი საკმაოდ უცნაური და მკაცრი წესი ყოფილა. საარქივო ცნობების მიხედვით, „სულით ავადმყოფებს წინათ გერში კლდეზე თავდაღმა დაჰკიდებდნენ თურმე. აქ დღესაც დაცულია ეს ადგილი და იგი გალავანში შესასვლელი კარების მარცხენა მხარეზეა მოთავსებული. ჩამოსაკიდი კლდე მაღალია და კედელივით დაქანებული, საიდანაც გადაცქერაც კი გულშემზარავია. სულით ავადმყოფს გერითობას ამ კლდესთან მიიყვანდნენ, თოკით შეკრავდნენ, მას მუხლებზე მნათე ხელს მოჰკიდებდა და ეტყოდა: „ სთქვი შენი ეშმაკის ცოლის სახელიო“. ხალხის გადმოცემით, ეშმაკის შიშით ავადმყოფი სდუმდა და არ პასუხობდაო. მაშინ მას ხანჯლების მოღერებითა და თოფის სროლით აშინებდნენ, რომ ეთქვა მისი ეშმაკის სახელი დაშინებული ავადმყოფი ზოგჯერ თავისი ცოლის ან ნაცნობი ქალის სახელს იტყოდა.“
ხალხის რწმენით, ეშმაკი ავადმყოფს აცდუნებდა არ ეთქვა არაფერი და თუ კლდიდან ჩავარდებოდა, ძირს ბამბა და ბუმბულია დაგებული და არაფერი გეტკინებაო. ისიც ჯიქდებოდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ ავადმყოფი დაიძახებდა უცნაური დაბოლოებით ქალის სახელებს (ქეთუშხან, კატუშხან და სხვ.) და მამაკაცის სახელებს (ილისხან, გულისხან). ამ სახელებს მნათე ქაღალდზე ნიშნავდა. შემდეგ ავადმყოფს კლდიდან ამოიყვანდნენ, თოკს შეხსნიდნენ და ამ ქაღალდს ხელუკუღმა ცეცხლში გადააგდებინებდნენ. მათი წარმოდგენით, ამის შემდეგ ავადმყოფი განიკურნებოდა.
როგორც ჩანს, განკურნების ეს სასტიკი წესი გერში XIX საუკუნის შუა ხანებიდან აღარავის შეუსრულებია. მაკალათიას სტუმრობის დროს ის მხოლოდ ღრმად მოხუცებს ხსომებიათ.
გერში მლოცავი 27 აგვისტოდან ორი კვირს განმავლობაში განუწყვეტლივ მიდიმოდიოდა. ვისაც როგორ ჰქონდა შეთქმული, ისე მიემართებოდა ხატისაკენ: ზოგი ფეხშიშველი მიდიოდა და გერის ეკლესიას ხოხვით სამჯერ შემოუვლიდა თან ემთხვეოდა და კოცნიდა მის კედლებს. შეხვეწილებს ემოსა თეთრი ხალათი, თავზე წაკრული ჰქონდა წითელარშია მიკერებული თეთრი ხილაბანდები.
მავედრებლის დამწყალობებას, გერში ორი ოსური გვარიდან - ბეკოშვილიდან და ალბორაშვილებიდან შერჩეული მნათე ახდენდა. ოსური მოსახლეობისათვის დამახასიათებელ რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს ს. მაკალათია არ ახსენებს.
2006 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
წმ. გიორგის ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
გერი მავთულხლართებს მიღმა და ცნობები მისი წეს-ჩვეულებების შესახებ:
www.qartli.ge/ge/component/content/article/9-9/9157-ger...
გერის წმინდა გიორგის ტაძარი ოკუპირებულ ქართულ მიწაზე – ღვთის სახლი:

www.youtube.com/watch?v=Esj_Iow1GG4&ab_channel=TVreligi...
გერის წმინდა გიორგის ეკლესია და სალოცავი, ვიდეობლოგი JAMnews 2021:

www.youtube.com/watch?v=PXxE7AWQgeM&ab_channel=JAMnews%...
გერის წმინდა გიორგის სალოცავი:
www.youtube.com/watch?v=QeEVqUw6vic&ab_channel=%E1%83%9...
ოკუპირებულ ცხინვალში წმინდა გიორგის ეკლესიას იერსახეს უცვლიან (2015 წ.);

www.youtube.com/watch?v=PZgM5Y1zTxo&ab_channel=%E1%83%9...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°22'0"N   44°2'26"E
  •  75 კმ
  •  438 კმ
  •  536 კმ
  •  666 კმ
  •  675 კმ
  •  726 კმ
  •  806 კმ
  •  816 კმ
  •  943 კმ
  •  1000 კმ
This article was last modified 12თვის წინ