ფიის წმინდა გიორგის ეკლესია

Georgia / Samtskhe-Javakheti / Aspindza /
 ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

წმ. გიორგის ეკლესია წმ. თევდორეს ეკლესიიდან 100 მ-თაა დაშორებული. ფასადი შემკულია ორნამენტებით და წარწერებით, მათ შორის X ს-ის წარწერით. ფიას წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია, ამჟამად უკვე ნახევრად დანგრეულია. იგი მთლიანად კამარაჩაქცეულია. ქვების ნაწილი იქვეა მიმოფანტული. ჩრდილოეთის კედელი კი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ამჟამად შეუძლებელია აგრეთვე დასავლეთ კარში შესვლა, რადგანაც ისიც მიწითაა დაფარული და მხოლოდ კარის ღიობის ზედა ნაწილი ჩანს. ეკლესია სხვადასხვა ჯიშის ქვებითაა ნაგები. გამოყენებულია როგორც ბაზალტი და ადგილობრივი ჯიშის ნარინჯისფერი ქვა ასევე შირიმიც. ეკლესიის გეგმასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საკურთხეველი ძალზე მცირეა, თითქმის მხოლოდ მორკალული ფორმისა. მასში გაჭრილი სარკმელი გამორღვეულია. ეკლესიის სივრცე ერთი წყვილი პილასტრის მეშვეობით იყო დანაწევრებული. დღეს სამხრეთ კედლის პილასტრიდან მხოლოდ კაპიტელია შემორჩენილი, რომლის ზედაპირი ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. ჩრდილოეთ პილასტრის კაპიტელი კი “თევზისფხურადაა” დეკორირებული. ეკლესიის ინტერიერში დაყრილი ქვებიდან ერთ-ერთი ქვა სარკმლის თავსართი უნდა იყოს, რადგანაც ქვედა ნაწილში მას თაღოვანი მცირე ზომის ღიობი აქვს. მისი ზედაპირი გრაფიკული ნახატითაა შემკული. ცენტრში ჯვარია მოთავსებული, ხოლო აქეთ-იქით გამოსახულებებია. ეკლესიაში შესვლა ორი მხრიდან იყო შესაძლებელი. დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელის კარის მოხაზულობა შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა. დასავლეთის კარი კი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ეკლესიის ფასადები სხვადასხვა ფერის ქვითაა შემოსილი, რაც ცხოველხატულ შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ფასადის შესასვლელი აქცენტირებულია არქიტრავის მოყვითალო-მონარინჯისფრო დიდი ზომის ქვით, რომელზეც ცენტრში წრიულ მოხაზულობაში გამოსახულია ბოლნური ჯვარი, აქეთ-იქით კი ხეები. არქიტრავის გასწვრივ ეკლესიის პერანგის ორი რიგი ნარინჯისფერი ქვითაა ნაწყობი, რაც ფასადზე სარტყელს წარმოშობს. ეს უკანასკნელი ფერადოვნებით პერანგის საერთო ფონიდან განსხვავებულია და ძლიერ ფერწერულ აქცენტს სვამს ფასადზე. ამავე ფასადის დასავლეთ განაპირა ნაწილში ჩასმულია ასევე ორი სხვადასხვა ფერის ქვა. ერთი ნარინჯისფერი, მეორე კი ნაცრისფერი. ამ უკანასკნელზე მზის გამოსახულებაა ჩაკაწრული, ხოლო ნარინჯისფერი ქვის ზედაპირიდან კი ცხოველის გამოსახულება ამოიზიდება. ეკლესიასთან შემორჩენილია საფლავის ქვებიც. ნახევრად დანგრეული ეკლესია თავისი პროპორციითა და მხატვრული გადაწყვეტით დღესაც ახდენს მნახველზე შთაბეჭდილებას.
იხ."ფიას "წმ. გიორგის" ეკლესია ": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°26'21"N   43°18'8"E
This article was last modified 2 წლის წინ