თავისუფლების მოედანი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / თავისუფლების მოედანი
 მოედანი, საინტერესო ადგილები, დაფარული (უკონტურო) ობიექტი, historic city center (en)

ქ. თბილისის ცენტრალური მოედანი, მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში. მოედანზე განთავსებულია ქალაქის თვითმართველობის შენობა, ხოლო ცენტრში აღმართულია თავისუფლების მონუმენტი - წმ. გიორგის ქანდაკება. მოედნიდან იღებენ სათავეს: რუსთაველის გამზ., პუშკინის, გ. ლეონიძის, გალაკტიონის, შ. დადიანის და კ. ლესელიძის ქუჩები.
ეტიმოლოგია-მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად "პასკევიჩ–ერევანსკი", ან შემოკლებით "ერევანსკი" დაარქვეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს "თეატრალურს" უწოდებდნენ. 1918 საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მოედანს "თავისუფლების მოედანი" ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ "ზაკფედერაციისა" ჰქვია (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო), შემდეგ კი — "ლენინის მოედანი". ძალიან მოკლე დროით მოედანმა იარსება "ბერიას მოედნის" სახელით. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — "თავისუფლების მოედანი".

ისტორია-თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთ მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქ. ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი კარიბჭე – "კოჯრის კარი" იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ რუსთაველი გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი ლეონიძის ქუჩის გაყოლებით. მინდორს სოლოლაკის ხევი (გვიანდელი "ავანანთხევი") კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ.


ზუბალაშვილის სასტუმრო, "ერევანსკი" მოედანი XIX ს. ბოლოXIX ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოთ მხარეზე დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, XVII ს. მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. ვახუშტის და XVIII ს. 80–იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლის და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე მეფის და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი "ბეჟანის ქარვასლას" უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის თვითმართველობის შენობა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX ს. პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი–ორი ნაგებობის გარდა, XIX ს. არის ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. ადრინდელ შენობათაგან ჩვენამდე მოაღწია 1824-1825 წლებში აგებულმა კავკასიის კორპუსის შტაბმა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობამ (ორივე ადრეული რუსული კლასიციზმი). ამათგან პირველი აიგო როგორც "საქალაქო სახლი" (1829 წელს საათიც კი დაამონტაჟეს)[2], უკანასკნელი კი თავდაპირველად 1825 წელს აიგო, როგორც სასტუმრო "პალასი" იაკობ ზუბალაშვილის მიერ, ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიის განსათავსებლად.


ქალაქის თვითმმართველობის შენობა (ამჟამად საკრებულო),"ერევანსკი" მოედანი XIX ს. ბოლომოდნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის სწვრივად ერთ–ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ქონდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები XIX ს. მეორე ნახევარში სხვა ნაგებობემა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა დღემდე მოაღწია. იმ ადგილას, სადაც ახლა მცირე სკვერია, XIX ს. პირველ ნახევარში და შემდგომაც გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი იყო, კვირაობით კი დიდი ბაზრობა იმართებოდა. 1885 აქ ხეივანი გაშენდა, რომლის ნაწილი დღესაც არსებობს. ხეივანში ა. პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩმა დადგა 1890 წელს, ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე, სკვერი კი დღეს პუშკინის სახელს ატარებს.


გრანდ ოტელი "კავკაზი", XIX ს. ბოლო1830–იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ სადაც ადრე "ბეჟანის ქარვასლა" იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა, პოლიცმეისტერის კანცელარიით. შენობას სახანძრო–სამეთვალყურეო დანიშნულების კოშკი ედგა[3]. 1878–1879 წწ შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა "საქალაქო სახლი" (შესაბამისად საათიც გადმოიტანეს). 1847-1851 წწ გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი ნაწილი (ლეონიძის ქ. და მოედანი) ეს გამოწვეული იყო ამავე წლებში მოედანზე თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობის აგებით (იტალიური კლასიციზმი; არქ. ჯოვანი სკუდიერი). 1874 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს მარტო ქარვასლა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930-იან წლებში მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც (1934 წ.). 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი). ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის პარადულად ხალხის თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური [4].

1991-1992 წლების ე. წ. "თბილისი ომის" დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე გამოცხადდა საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციაზე. რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წლიდან 2 საცხოვრებელი სახლის აშენებით (ლეონიძის ქ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კორპუსის რეკონსტრუქციით (არქ. გიორგი გეგეშიძე). თუმცა იმავე წელსვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ[5]. შედეგად 2002 წ. მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი", საკმაოდ მონუმენტური მრავალფუნქციური ნაგებობის სახით.

2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება[6] (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). მისი აღმართვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იანიციატივა იყო, 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც ორი კგ. ოქრო დაიხარჯა, ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'36"N   44°48'5"E
This article was last modified 7 წლის წინ