წილკანი

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Mtskheta /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

სოფლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას. მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნის საეპისკოპოსო. მასში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. VIII-IX საუკუნეებში წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII საუკუნეებში წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშმა დიდად დააზარალა.

წილკანში დგას წილკნის ტაძარი, რომელიც საეპისოკოსო საყდარს წარმოადგენდა. ტაძარი აშენდა IV საუკუნის დასასრულს - V საუკუნის პირველი ნახევარში და წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ის მოაქციეს ახალი, სამნავიანი ბაზილიკის შემადგენლობაში. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ორივე ნაგებობა ახალი, გუმბათოვანი ტაძრის ფარგლებში მოექცა.

ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. მასზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია.

ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის, ისე განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები.

მოხატულობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი. ის XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში.

ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. სათოფურები მხოლოდ აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. XIX საუკუნეში სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის შესასვლელზე დააშენეს სამრეკლო.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°56'57"N   44°39'47"E
This article was last modified 13 წლის წინ