ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია

Georgia / Shida Kartli / Kareli /
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სამხრეთით 8-9 კილომეტრის მოშორებით, მდინარე სკრის ერთ-ერთ განშტოების მარცხენა ნაპირას, ტყეში მაღალ ფერდობზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
მაღალი გამავლობის მანქანების საავტომობილო გრუნტიანი თიხიანი გზა მიდის ს.ქვემო რიეთიდან ( საშუალო სირთულის,არასასურველია ნაწვიმზე გადაადგილება).
ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5 X 10,2), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია.

დარბაზის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი გადის ჩრდილოეთ ეკლესიაში, რომელსაც სარკმლები აღმოსავლეთითა და დასავლეთით აქვს. სამხრეთ ეკლესია უკეთაა შემონახული. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. ფასადებზე სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გვერდით შემორჩენილია წარწერიანი ქვა (გამოფიტულია და არ იკითხება).
დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია. შემორჩენილია მომდევნო ორი რეგისტრი. პირველში გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურაა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფიგურა. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა, რომლებიც ქვემოდან შემოსაზღვრულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
ბნელეთის ეკლესია, თავისი სტილისტური თუ პერიოდიკის მიხედვით საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიულ კულტრული ძეგლია.

ტაძრის მოხატულობა, დროის და ბუნებრივი პირობების გარდა აწ უკვე ”ტრადიციულ ქართულ ვანდალიზმსაც” საკმაოდ დაუზიანებია. კედლებზე ტაძრის ”მოამაგეების” სახელებს, გვარებს, წლებს მრავლად ამოვიკითხავთ. გასაკვირია ასეთი ხალხის აზროვნება, რომლებიც XIII-საუკუნის უნიკალურ მხატვრობას, რომელიც დიდი შრომის ფასად შექმნილა, 700-800 წელი გაძლო, დღემდე მოაღწია, ერთი ხელის მოსმით, თავიანთი არაფრის მთქმელი სახელების დაწერით აზიანებენ.
აყრილია იატაკიც, რომელიც სავარაუდოდ განძის მაძიებლების მსხვერპლი გამხდარა.

ამჟამად ეკლესია მთლიანად გაწმენდილია ჩამოწოლილი მიწისგან და მიმდინარეობს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.
2016 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

იხ.პატარა ზომის ფოტო-სურათებით " ბნელეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
www.dzeglebi.ge/dzeglebi/b/bneleti.html
www.novators.ge/dzeglebi.php?id=324
www.about.ge/ka/pois/?poid=846
Nearby cities:
კოორდინატები:   41°56'3"N   43°58'42"E
  •  52 კმ
  •  457 კმ
  •  564 კმ
  •  668 კმ
  •  705 კმ
  •  774 კმ
  •  848 კმ
  •  852 კმ
  •  974 კმ
  •  1032 კმ
This article was last modified 3 წლის წინ