აჭის წმ. გიორგის ეკლესია (აჭი)

Georgia / Guria / Ozurgeti / აჭი
 მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

XIII-XIV საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია გურიის სოფელ აჭში, მიეკუთვნება შემოქმედის ეპარქიას.
აჭის ეკლესია მდებარეობს ოზურგეთიდან 9 კმ-ზე, სანისლობოს მთის ძირში, მდინარე აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია შემაღლებულ ბაქანზე დგას, ერთ მხარეს ხრამი აკრავს, რომელიც მდინარეზე ეშვება.
აჭის ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. მდინარე აჭისწყლის პირას ახლაც არის დიდი ლოფი - "დევის ქვა". ეკლესიის აგება კი ხალხს არ გამოდიოდა. ერთ დღესაც ნახეს მტრედების მიერ დაწყობილი ნაფოტები, რომელსაც ეკლესიის ფორმა ჰქონდა და სწორედ იქ ააშენეს ტაძარი.

არქიტექტურულიანალიზის შედეგად დგინდება, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნეების მოტივები, მაგრამ მასში არის XIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტური ნიშნები. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XIII საუკუნის მიწურულით ახსიათებენ. აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.

აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVIII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.
ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. საკურთხეველში გამოსახულია ვედრების და ათორმეტი დღესასწაულის სცენები: ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, და სხვ. მოხატულობა XIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება. ტაძრის ფრესკები იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობაა. მაგ. მირქმის სცენაში იოსებსა და იოაკიმეს ხელთ ორ–ორი გვრიტი უპყრიათ. ფრესკებზე განირჩევა ოთხი მხატვრის ხელი. ფრესკების ნაწილი კავშირს პოულობს ტრაპიზონის ხელოვნების ტრადიციებთან. აჭის მხატვრობაში ჭარბობს ოქროსფერი, წითელი და ნათელი მწვანე ტონები, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული მონაცრისფრო-ცისფერ ფონთან. სახეების წერის მანერა მას XIII საუკუნის მიწურულის პალეოლოგოსთა ხანის ძეგლებთან აახლოებს. აჭის ფერწერა ერთ-ერთი იმ უკანასკნელ ძეგლთაგანია, რომელშიც ჯერ კიდევ ჩანს ოსტატობის მაღალი დონე და განსხვავდება შემდგომი ხანის პრიმიტიული მოხატულობებისგან.
საინტერესოა აჭის იატაკის ასომთავრული წარწერა, რომელიც ასე იკითხება: "წმინდაო გიორგი შეიწყალე ფრიად ცოდვილი იოსები". დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით ამ ქვას სამოციქულოს მკითხველი კვარცხლბეკად იყენებდა, "ქვაც და წარწერაც ძალზე ძველია და მასში მოხსენიებული იოსები აჭის სხვა წარწერაში მოხსენიებულ იოსებზე ძველი უნდა იყოსო". სამწუხაროდ დღეს ამ ქვის მხოლოდ ფრაგმენტიღაა შემორჩენილი.
1990-იან წლებში ღვთის წყალობით აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღდგა წირვა-ლოცვა. 2007 წელს კი შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით, აჭში გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ. დღესდღეობით ეკლესიას, გალავანსა და ფრესკებს სჭირდებათ რესტავრაცია.
აჭის ჯვარი
ტაძარში ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა თამარ მეფის დროს შექმნილი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ამკობდა წარწერა:
„ჰოი ძელო ცხორებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშენებლისა ოქროსა და ვერცხლის წმიდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან“
ეს იყო ჯარის წინ დროშასავით სატარებელი ჯვარი. ჯვარს აღარ ჰქონდა შერჩენილი ძვირფასი ქვებით შემკული მედალიონები. ჯვარი დამზადებულია თამარ მეფის დროს ბეთანიაში, ან ბეთლემში.
საინტერესოა ჯვრის ეკლესიაში დაბრუნების ისტორია: მონასტერს ესტუმრა ბატონი გიორგი სალუქვაძე და მოახსენა ანდერძის შესახებ, რაც მათ ოჯახს დიდმა ბაბუამ -აჭის ეკლესიის ბოლო დიაკვანმა არსენ სალუქვაძემ უანდერძა: "ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა მოუფრთხილდით და შეინახეთ, ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება დაიწყება მხოლოდ მაშინ დააბრუნეთ ჯვარიო". შთამომავლობას ამ ჯვრის მნიშვნელობა და სიძველე არ სცოდნიათ, მაგრამ ღირსეულად შეასრულეს წინაპრის ანდერძი და ჯვარი მონასტრის გახსნის შემდეგ დაუბრუნეს თავის სამყოფელს.
2010 წლის 24 ნომებერს აჭის მონასტერს ესტუმრა უწმინდესი და ამ წმინდა ჯვრით დალოცა მრევლი. გამოთქვა სურვილი, რომ ამ ჯვრით ასევე დაელოცა ქართული ჯარი. მართლაც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჯვარი ჯარის დასალოცად წაბრძანებული იქნა თბილისში და 2010 წლის 28 ნოემბერს წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა ქართული ჯარის დალოცვით აღადგინა ის ტრადიცია, რომელსაც წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი აღასრულებდა. ჯვარი ამჟამად აჭის მონასტერში ინახება.
ეკლესიას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

იხ.სურათებით"წმ. გიორგის ეკლესია":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

karibche.ambebi.ge/eklesia/eklesiis-istoria/4002-atcis-...
www.dzeglebi.ge/dzeglebi/a/aci.html
Nearby cities:
კოორდინატები:   41°50'51"N   42°0'19"E
  •  215 კმ
  •  336 კმ
  •  462 კმ
  •  504 კმ
  •  648 კმ
  •  779 კმ
  •  800 კმ
  •  802 კმ
  •  876 კმ
  •  939 კმ
This article was last modified 6თვის წინ