ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მამათა მონასტერი | მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Shida Kartli / Khashuri /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ნათლისმცემლის ეკლესია (წვიმოეთის ეკლესია) მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე. ეკლესიის კამარები და კონქი ჩამონგრეულია. საკურთხეველში, სარკმლის აქეთ-იქით 2-2 შეწყვილებული, მაღალი თაღოვანი ნიშებია. ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (14.3X15.5მ.). მას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი ჰქონდა, სამხრეთიდან კი მთელი შენობის სიგრძის სტოა-ეგვტერი. სამხრეთის მინაშენის სამხრეთ კედელი სვეტზე დაყრდნობილი 2 თაღით იხსნებოდა. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილის ქვეშ საძვალე-სამარხია. ჩრდილოეთ მინაშენის კამარაც ჩამონგრეულია. ეკლესიის ფასადები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ლაპიდარული წარწერებით.
აღმოსავლეთის ფასადის წარწერის თანახმად, ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია ანანია მთავარეპისკოპოსს. ფასადთა დამუშავებაში გამოყენებულია XI საუკუნეში შემუშავებული და დამკვიდრებული მოტივები: დეკორაციული თაღები, ფართო ორნამენტული საპირეები, ჯვრის, ფრინველთა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებები.
აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო სკბ.“
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი.
დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა:
„წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა".
„ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი.“
„უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე.“
ეკლესია 1990–იან წლებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. ეკლესიის გარშემო მიმოფანტულია ორნამენტირებული ქვები. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძველი ნამონასტრალია.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ამჟამად ეკლესია აღდგენილია და დაარსებულია მამათა მონასტერი.
"ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°58'16"N   43°41'9"E
  •  77 კმ
  •  434 კმ
  •  543 კმ
  •  644 კმ
  •  690 კმ
  •  771 კმ
  •  834 კმ
  •  835 კმ
  •  954 კმ
  •  1013 კმ
This article was last modified 4 წლის წინ