დუშეთის გეო-ფიზიკური ობსერვატორიის კომპლექსი (დუშეთი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Dusheti / დუშეთი / დუშეთი
 ისტორიული ადგილები, საინტერესო ადგილები

დუშეთის ქუჩათა ქსელის ორგანული ნაწილია დუშეთის 200-წლიანი გეო-ფიზიკური ობსერვატორია - ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში და ერთადერთი - ამიერკავკასიაში, რომელშიც ორი საუკუნის უნიკალური მასალაა თავმოყრილი- და მისი ვრცელი ტერიტორია, რომელიც ყარანგოზიშვილების ბაღის დამრეც რელიეფზე შეიქმნა 1935 წელს და წარმოადგენს 1844 წელს დაარსებული თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მემკვიდრეს. ობსერვატორია ემსახურებოდა - მთელ კავკასიას, რუსეთის სამხრეთ-ევროპულ ნაწილს და კასპიის, აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებს. 1904 წელს თბილისის ქუჩების ელექტროფიკაციამ თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში სრულფასოვანი მაგნიტური დაკვირვებები შეაფერხა, რამაც ობსერვატორიის მთელი მოწყობილობით კარსანში, მცხეთის მახლობლად გადანაცვლების აუცილებლობა განაპირობა, ზაჰესის ელექტროსადგურის აგებასა და თბილის-ხაშურის რკინიგზის უბნის ელექტროფიკაციასთან დაკავშირებით კარსნიდან ობსერვატორია 1935 წელს ქალაქ დუშეთში იქნა გადატანილი. ობსერვატორიის კომპლექსი ძველი ქალაქის შემაღლებულ ადგილას, კურკოს ტყის დასავლეთით, თანიაანთკარისა და ყვავილის თუ სხვა ახლომდებარე სოფლებისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს, ოდესღაც ყარანგოზიშვილების კუთვნილი ბაღის ტერიტორიაზე გაშენდა.
ობსერვატორიის კომპლექსის შენობებს შეადგენს: 1 დროებითი აბსოლუტური და ვარიაციული პავილიონი; 2 ე.წ. ფინური სახლი; 3 აბსოლუტურ დაკვირვებათა დიდი პავილიონი; 4 ე.წ. ბირთვული პავილიონი; 5 ფინური სახლი (ყოფილი ლაბორატორია) ; 6 ფინური სახლი (ყოფილი ლაბორატორია) და სხვა.
1. დუშეთის ობსერვატორიის დაარსების პირველსავე წლებში, ობსერვატორიის ტერიტორიის ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზე 1935-1937 წწ. დროებითი აბსოლუტური და ვარიაციული პავილიონი ააგეს. ნაგებობა, რომელიც ზურგით მიწაშია შეჭრილი, ბეტონისგან არის აშენებული. მისი კედლები არმატურის გარეშე არის ნაშენი. შენობის თავისებურებას შეადგენს ის, რომ იგი ზურგით მიწაში ღრმად არის შეჭრილი და ერთადერთი ფასადით ობსერვატორიის ტერიტორიის დამრეც რელიეფს უყურებს. ბეტონის ფასადის ვიწრო, შუა ნაწილიდან კონტრფორსის მსგავსი “მკლავებია” გამოზრდილი. ისინი ბლაგვ კუთხეს ქმნიან ფასადის სიბრტყესთან შეყრის ადგილას. ფასადის სიმეტრიის ღერძზე მშვილდა თაღით დაბოლოებული კარის ღიობია გაჭრილი. ფასადის შუა ნაწილს ზევითკენ აგურით ნაშენი, ნახევარწრიული ფორმით დასრულებული ფრონტონი ასრულებს. სპეციფიკურია რელიეფში ღრმად შეჭრილი ნაგებობის გადახურვა. იგი ბეტონის არის და მისი ფორმა ბორცვის ფორმას მიუყვება. პლასტიკური სახურავიდან წაგრძელებული სწორკუთხა კვეთის ბეტონის ბოძებია ამოზრდილი. მიწაში მოქცეული საინჟინრო შენობის გვერდითი კედლების გარეთ გამომჟღავნებული კედლის ფრაგმენტები საფეხურებრივად მიუყვება რელიეფს.
2. 1935 წელს ე.წ. ფინური სახლი ააშენეს, რომელიც გზის პირთან (როინაშვილის ქუჩა) მდებარეობს და წარმოადგენს ციცაბო, ორფერდა კრამიტის სახურავით გადახურულ, ტრადიციულ ფინურ სახლს ხის ფიცრული კედლებით და მასში დატანებული სწორკუთხა ღიობებით, რომელთაც ფიგურული მოჩარჩოება აქვთ. ერთსართულიანი ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადზე ცალ-ქანობა კრამიტის სახურავით გადახურული პორტიკი-შუშაბანდია მიდგმული, რომელიც ნაგებობის ძირითად შესასვლელს წარმოადგენს. ფინური სახლი მეტეოროლიური დაკვირვებების მონაცემების დამუშავებას ემსახურებოდა, მისი მიმდებარე უშუალო ტერიტორია კი მეტეოროლოგიურ ბაქანს წარმოადგენს, რომელზეც დღესაც შემონახულია მეტეოროლოგიური დაკვირვებებისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დანადგარები.
3. დუშეთის ობსერვატორიის დიდი მაგნიტური პავილიონი ობსერვატორიის ტერიტორიის თითქმის შუაგულში მდებარეობს. იგი მაგნიტურ დაკვირვებებს ემსახურება და მისი მშენებლობა 1953 წლის ზაფხულში დასრულდა. ამავე წლის ოქტომბერში დასრულდა აბსოლუტური მაგნიტური ხელსაწყოების დამონტაჟებაც. აღსანიშნავია, რომ დუშეთის აბსოლუტურ დაკვირვებათა პავილიონი კარსნის მაგნიტური პავილიონის მასალით ააგეს და მის ფორმას უზუსტესად იმეორებს. დუშეთის პავილიონის წაგრძელებული ფორმის გეგმით რვაკუთხა შენობა სპეციალურად მოშანდაკებულ ტერიტორიაზე დგას და ზურგით რელიეფშია შეჭრილი. რელიეფის ფერდი ჩამოჭრილია და ადგილობრივი ფლეთილი ქვის საყრდენი კედელია აშენებული. სამხრეთი ფასადით პავილიონის შენობა, ობსერვატორიის ტერიტორიისა და როინაშვილის (ყოფილი ობსერვატორიის) ქუჩის გარდავლით ქალაქს გადაჰყურებს. აღნიშნული ნაგებობის ფუნდამენტი ჟინვალის ტერიტორიაზე არსებული კარიერის კირქვისგან არის აგებული კირისა და ცემენტის ხსნარზე. მისი კედლები კი კირქვის მასალითაა ნაშენი. სამშენებლო ქვების შემაერთებლად სასხორის კირი და - მდინარე არაგვის ქვიშის მაგნიტოვანების გამო - კასპიის ზღვის ქვიშა იქნა გამოყენებული. დუშეთის დიდი პავილონი კარსნის პავილიონის სპილენძის სახურავითა და მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოტანილი ალუმინის ფურცლებით იყო გადახურული. თავად შენობის მთავარ დარბაზს მაიზოლირებელი, ერთი მეტრის სიგანის გარშემოსავლელი შემოუყვება, რომელიც ნაგებობაში ზუსტი ტემპერატურის დაცვას ემსახურებოდა; არსებითია ფენესტრირებული ფარნით შექმნილი ზედა განათებაც. პავილიონის ცენტრალურ სივრცეში სხვადასხვა სისქის და სიმაღლის რვა ბოძია განთავსებული. კირქვის რამდენიმე ერთიანი ბოძი დუშეთის პავილიონში კარსნის პავილიონიდან იქნა ამოტანილი, ალებასტრისა კი 1953 წელს სპეციალურად დუშეთის პავილიონისათვის იქნა ჩამოსხმული. ბოძები სხვადასხვა სიმაღლის არის და სხვადასხვა ხელსაწყოთა მოსათავსებლად იქნა აგებული.
4. დიდი აბსოლუტური პავილიონის სამხრეთ-დასავლეთით ე.წ. ბირთვული პავილიონის ერთსართულიანი შენობა დგას (1970-იანი წწ.).
5, 6. ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ყარანგოზიშვილების ყოფილი სასახლის სიახლოვეს, ორი ფინური სახლი დგას. ისინი 1960-იან წლებში აშენდა. აღნიშნულ ნაგებობებში ლაბორატორიული დაკვირვებები წარმოებდა.
ამ შენობაში თავის დროზე ორი სრულიად განსხვავებული, მაგრამ უდავოდ ცნობილი ქართველი მოღვაწეობდა - ნიკოლოზ ბარათაშვილი და იოსებ სტალინი. სხვათა შორის, ამ ობსერვატორიის ეზოშია დაკრძალული რუსი კლასიკოსის, ალექსანდრე პუშკინის ბებია და აქაურები მის საფლავის ქვას დღემდე ინახავენ.
იხ. memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11850
www.kvirispalitra.ge/palitris-posta/11506-daicavith-thq...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'22"N   44°42'6"E
This article was last modified 6 წლის წინ