მაყაშვილების ყოფილი ციხე-დარბაზის კომპლექსი (რუისპირი) | კოშკი, სასახლე, ისტორიული ადგილები, მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kakheti / Telavi / რუისპირი
 კოშკი, სასახლე, ისტორიული ადგილები, მართლმადიდებლური ეკლესია

რუისპირი თელავიდან ქართლში მიმავალ, მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა, რაც ზრდიდა სოფლის მნიშვნელობას, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ XVI-XVII საუკუნეებში, რუისპირი კახეთის თავადების — მაყაშვილების სოფლად ითვლებოდა. მათვე ეკუთვნოდათ სოფლის მიმდებარე, ვრცელი საძოვრები და სხვა სავარგულებიც.
მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო, რუისპირზე მტრის თავდასხმები ძალზე ხშირი იყო, განსაკუთრებით კი XVII-XVIII საუკუნეებში — „ლეკიანობის“ ჟამს. ცნობილია, რომ 1754 წლის ზაფხულში ხუნძახის პატრონმა ლეკთა ბელადმა, მჭადიჯვართან დამარცხებამდე, რუისპირი და იყალთო ერთიანად გადაწვა. მოსახლეობის დაცვის მიზნით, სოფელში აშენდა ორი ციხე-გალავანი: ერთი — სოფლის ჩრდილოეთ განაპირას, ალაზნის მხარეს და მეორე — სამხრეთით. ორივე მაყაშვილებს ეკუთვნოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის დროს რუისპირი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად III სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. ომის შემთხვევაში მაყაშვილები „ერთობით, ყმით, საყელოთი“, რუისპირიდან გამოსული ლაშქრის ჩათვლით, რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ და როგორც სარდალს, მას უნდა დაქვემდებარებოდნენ. რუისპირის გარდა, ახლომახლო სოფლებიდანაც მოდიოდა ხიზანი. რუისპირის ციხე-გალავნების მნიშვნელობა ამ მხრივ მეტად დიდია. 1762 წელს მიწისძვრის შემდეგ, ერეკლე II-ეს ერთ-ერთი მათგანი შეუკეთებია.

კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს, თიანელებმა, მატნელებმა და ახმეტელმა მოლაშქრეებმა გაწყვიტეს მატანში მდგარი რუსები. ეს აჯანყების ახალი აღმავლობის ნიშანი გახდა. კახელებმა ბევრ სოფელში აღკვეთეს რუსთა ეგზეკუციები. ისინი ბატონიშვილ იოანეს ძის, გრიგოლის მეთაურობით დაირაზმნენ. მათ დასახმარებლად მოვიდნენ ლეკებიც. სულ 4 000 კაცამდე შეიკრიბა. რუსებს კი საგარეჯოდან 300 ჯარისკაცი მიაშველეს. რუისპირთან, ციხესიმაგრეებში, რუსებსა და კახელ აჯანყებულებს შორის, დიდი ბრძოლა გაიმართა. კახელებმა შეძლეს დამსჯელთა დამარცხება და განადგურება. გადარჩენილი რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები თელავის ციხეში შეიკეტნენ.
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსში შედის: სასახლე, კარის ეკლესია, მარანი, ორი საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი. ციხე-დარბაზი გეგმით მოგრძო ოთხკუთხედია (91,8 მ - 48,4 მ), რომლის სამ კუთხეში ( სამხრეთ-დასავლეთ , ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ) კოშკებია ჩართული. მეოთხე, სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე მოშლილია. თანაც, აქ მრავალჯერ გადაკეთებული სასახლე დგას, რის გამოც, გაურკვეველია, იდგა თუ არა ამ კუთხეშიც კოშკი. ამჟამად, ციხის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში მდგარი კოშკები ცილინდრულია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის კოშკი კი, შიგნიდან თითქმის კვადრატულია, ხოლო გარედან - ხუთწახნაგა (ყველა კოშკი თავმორღვეულია). შედარებით კარგად არის შემორჩენილი გალავნის ჩრდილოეთ კედელის შუაში ჩართული ეკლესია და გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილზე მიდგმული მარანი. საცხოვრებელი ორსართულიანი ნაგებობები კი გადაკეთებულია. ორივე მათგანი ციხის დას. ნაწილში, გალავნის დასავლეთ კედლის გასწვრივ არის აგებული. მათ შორის ერთი - ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია, ხოლო მეორე — სამხრეთ მონაკვეთში.
ციხის ჭიშკარი ჩრდილოეთითაა, მდინარე ალაზნის ველის მხარეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კოშკსა და ეკლესიას შორის .
აღმოსავლეთით, მდინარე თურდოს მხარეს, სასახლესა და მარანს შორის, სათადარიგო გასასვლელია.
XVIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია მცირე ზომისაა (გარეთ ზომები: 7,4 მ - 6,1 მ), ნახევარწრიული აფსიდით აღმ-ით. კედლები, ძირითადად, ნაგებია რიყის ქვით. კამარა, თაღები და კარ-სარკმელი - აგურით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. დას-იდან და დამხრ-იდან. კარები შეისრულთაღოვანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდია, რ-ის ცენტრში შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი, თითო სარკმელი ჩრდ. კედლის აღმ. ნაწილში და დას. კედელშია. მოგვიანებით, აღმ. სარკმელი გარედან გაუგანიერებიათ და თარაზულად გადაუხურავთ. აფსიდში, სარკმლის გვერდებზე მოწყობილია თითო, მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. იგი თლილი ქვით არის გამოყვანილი და წინიდან, მთელ სიგრძეზე, ლილვი გასდევს. იატაკი მოგებულია ექვსგვერდა აგურით.
ეკლესიაში ერთ-ერთი მაყაშვილის საფლავია, თარიღით - 1765 წ. ის, რომ ეკლესიას სარკმელი ჩრდილოეთით, ციხის გარეთკენ აქვს გაჭრილი და არ გააჩნია სათოფურები, იმის დამადასტურებელია, რომ იგი ციხემდე იყო აგებული.
ეკლესიის ფასადები რიყის ქვითაა ნაგები. კუთხეები და მორთულობის ელემენტები გამოყვანილია აგურით. აღმ. და დას. ფრონტონებზე, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, თითო, მაღალი ჯვარია გამოსახული. დას. შესასვლელი სწორკუთხედშია ჩასმული, რ-საც, ზემოთ, აგურის კბილანა წყობა გასდევს. კარის გვერდებზე სწორკუთხედში ჩასმული, თითო ნიშაა. კედლები დასრულებულია სპეციალურად დამზადებული აგურით გამოყვანილი, მაღალი ლავგარგანით, რ-ის პროფილს შეადგენს: თარო, შეზნექილი მრუდი და ლილვი. სახურავი ორფერდაა, დაბურულია ღარისებრი კრამიტით.

ციხის კედლები ორიარუსიანია. ნაგებია რიყის ქვით. ქვედა იარუსის კედლები (სიმ. 2-3 მ) ყრუა. მის თავზე გადიოდა მებრძოლთა სასიარულო, ხის ბილიკი. ზედა იარუსის კედლებში პირდაპირი და ძირს დახრილი, ცალმაგი სათოფურებია. დას. კედელში, ცალმაგი სათოფურების გარდა, შეწყვილებული სათოფურებიცაა. ციხის აღმ. და დას. კედლების უმეტესი ნაწილი კვლავ დგას. სამხრ. კედლიდან მცირე მონაკვეთია შემორჩენილი. ჩრდ. კედლიდან - მხოლოდ ქვედა ნაწილი. გალავანს ქონგურები არ ჰქონია.
კოშკებიდან მთავარია გალავნის სამხრ.-დას. კუთხეში მდგარი, ოთხსართულიანი კოშკი. იგი ყველაზე დიდია და სხვებზე მაღლაც დგას. ძეგლი, სავარაუდოდ, ქონგურებიანი, საბრძოლო ბანით იყო დასრულებული. კოშკის პირველ და მეორე სართულს შესასვლელი ცალ-ცალკე, ეზოდან ჰქონდა. ორივეგან, კარის მოპირდაპირედ ბუხარია. პირველი სართული უსარკმელოა. კედელში მოწყობილია სამი სწორკუთხა ნიშა. გალავნის შესაბამისი კედლების მხარეს კი - თითო სათოფური. მეორე სართულზე ორი სარკმელია. ერთი - კარის თავზე, მეორე შედარებით მოზრდილი - ჩრდ-ით. კედლის ქვედა ნაწილში ოთხი ცალმაგი, ძირს დახრილი სათოფურია. ამდენივე შეწყვილებული სათოფურია ზედა ნაწილში. მათ გვერდებზე კი თითო, ცალმაგი სათოფურია გაჭრილი. მესამე სართულის სამხრ. კედელში ერთი, მოზრდილი სარკმელია. მეორე, მცირე სარკმელი ეზოსკენაა. სართულის კედელში, ორ რიგად, ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია მოწყობილი. ჩრდ.-დას-ით ბუხარია. მეოთხე სართულზე, ფასადის მხრიდან, თითქმის თანაბრად განლაგებული, ოთხი ნისკარტა სალოდეა. მათ შორის კი მოთავსებულია ძირს დახრილი, ცალმაგი და პირდაპირი, შეწყვილებული სათოფურები. კოშკის შიდა კედლები შელესილია. ქვედა, სამი სართულის კედლებში ირმის მრავალი რქაა ჩასმული, რომლებსაც, სავარაუდოდ, იარაღისა და ტანისამოსის ჩამოსაკიდებლად იყენებდნენ.
ჩრდ.-აღმ. კუთხის კოშკიდან მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. პირველი სართული მიწის დონიდან 2 მ სიმაღლეზე იწყება (სართული ღორღითაა ამოვსებული და პირვანდელი დანიშნულება გაურკვეველია). სართულის შესასვლელის მარცხ. წირთხლში ზემოთ მიმავალი კიბის უჯრედია. მარჯვენაში კი, სიღრმეში საპირფარეშო. აღმ-ით, შუაში, საპირფარეშო. აღმ-ით, შუაში, საშ. ზომის სარკმელია გაჭრილი. ოთხივე კედელში მოწყობილია სახვადასხვა ზომის და დანიშნულების სწორკუთხა ნიშები. მათგან ზოგში სათოფურია გაჭრილი, ზოგი კი - სამეურნეო დანიშნულებისაა. ნიშები, გარდა დას-ისა, გადახურულია შეისრული თაღით. მეორე სართულის კედლებიდან შემორჩენილია ქვედა ნაწილები. კედლების ცენტრში დიდი სარკმელებია გაჭრილი, რ-ის გამოყენება საზარბაზნედაც შეიძლებოდა. დას. და სამხრ. კედლების ბოლოებში კიბიდან გამოსასვლელია, მეორე ბოლოში კი - დიდი ნიშა. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონდა.
ჩრდ.-დას. კოშკი საცხოვრებელ სახლთანაა გაერთიანებული. კოშკიდან მოღწეულია მხოლოდ ორი სართული. ორივე სართულს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. პირველ სართულზე თანაბრად განაწილებული ოთხი სარკმელია. მათგან ორი სარკმლის ქვედა ნაწილში სათოფურებია გაჭრილი. კარის პირდაპირ შეისრულთაღიანი ბუხარია. სართული კონუსისებრი გუმბათითაა გადახურული. კოშკის მეორე სართული ნაწილობრივაა შემორჩენილი. ჩრდ.-აღმ-ით და დას-ით მოზრდილი, სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ბუხარი ამ სართულზეცაა - კარის პირდაპირ. კედელში მრავალი, სხვადასხვაგვარი სათოფურია გაჭრილი.
ჩრდ.-დას. კუთხეში მდგარ საცხოვრებელ სახლს (გარე ზომები : 17 მ - 6 მ) შესასვლელი სამხრ-იდან ჰქონია. მისი დას. კედელი, რომელიც ამავდროულად ციხის კედელიცაა - ყრუა. აღმ. და სამხრ. კედლები კი გადატვირთულია სხვადასხვა ზომის, ნახევარწრიული და სწორკუთხა ნიშებით. ამავე კედლებშია გაჭრილი სახლის სარკმლებიც. მეორე სართული მორღვეულია.
ციხე -დარბაზიდან შედარებით კარგად არის შემორჩენილი გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილზე მიდგმული მარანი. მარანი რიყის ქვითაა ნაგები. იგი გეგმით სწორკუთხაა და აღმ.-დას-ის მიმართულებით წაგრძელებული (გარე ზომები: 11,3 მ - 6,2 მ). შენობის შიგნით ქვევრებია. მათგან რამდენიმე ძველია.
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსის (I):
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსის (I)სასახლე :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსის (I) ციხე-გალავანი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსის (I) კარის ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსის (I) მარანი :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°56'33"N   45°25'38"E
  •  202 კმ
  •  1085 კმ
  •  1264 კმ
  •  1327 კმ
  •  1331 კმ
  •  1405 კმ
  •  1575 კმ
  •  1634 კმ
  •  1876 კმ
  •  1882 კმ
This article was last modified 4 წლის წინ