კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი "უფლისციხე"
Georgia /
Shida Kartli /
Gori /
უფლისციხე
World
/ Georgia
/ Shida Kartli
/ Gori
, 11 კმ ცენტრიდან (Гори)
უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები, old city (en), ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის, show cave (en), cave church/monastery (en)
ნაქალაქარი გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა. უფლისციხე შედგება სამი უბნისგან და შეიცავს ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. უფლისციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ძირითადი ეტაპები გაირკვა არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგად, რომელსაც ინტენსიურად აწარმოებდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის იაე ინსტიტუტთან ერთად. ნაქალაქარის შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უფლისციხის მიდამოებში გათხრილ მრავალ საინტერესო არქეოლოგიურ ძეგლს - ბამბების და ლაშეთხევის ნამოსახლარები, ყათლანისხევის გორის წარმართული სალოცავის ნანგრევები, ანტიკური ხანის რამოდენიმე სამაროვანი, ფეოდალური ხანის ნასახლარები, სამაროვნები, სახიზრები და ა.შ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახელები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები; ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოადგენს. ძვ.წ II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის დაბათა ერთ-ერთ თემს ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია, გაუმართავს საცხოვრებლად და სათანადოდ გაუმაგრებია. ადრე რკინის ხანაში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და და ტომის ბელადის ციხეა. ძვ.წ VI-V სს. უფლისციხე ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო. ძვ.წ III-I საუკუნეებში ტიპური ელინისტური ქალაქია, ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით. I-III საუკუნეებში კვლავ მნიშვნელოვან საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენდა, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც იყო. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისაგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო. IX-X საუკუნეებში აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. მოღოლთა შემოსევების პერიოდში ძლიერ დაზიანდა, XV საუკუნეში საბოლოოდ დაეცა და გვაინ შუა საუკუნეებში დაიცალა მოსახლეობისგან. შემდგომ პერიოდში მტრისგან აწიოკებული მოსახლეობის სახიზარის ფუნქცია ჰქონდა. ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ანტიკური ხანის ოსტატები კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა; ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვთილი. უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნაშთებიც. ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალური ხანის ნაგებობათა უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგურისა და ალიზის შენობებიც. კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან - კლდეში ამოკაფული თხრილი. თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია. თხრილის შიდა კიდეს გასდევს მაღალი და განიერი ზღუდე, რომელშიც მრავალსართულიანი, კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც ძლიერ დაზიანებულია. ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგნ ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ დიდი კლდეკარი წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ, თავგახსნილ გვირაბს. თარიღდება ძვ.წ IV-III სს-ით. აქ გადიოდა სავაჭრო-სატრანსპორტო ტრასა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქარში გზას მთელს სიგრძეზე დღემდე ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის "მცირე კლდეკარი" - იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც - სამხრეთით მდებარე გვირაბი, რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. ალყის დროს ქალაქი აქედან მარაგდებოდა წყლით. "მცირე კლდეკარის" ბოლოს იწყება უფლისციხის შიდა ქალაქის მთავარი ქუჩა. იგი ჩრდილოეთისკენ მიემართება და ქალაქის ცენტრში მდებარე მოედანს უერთდება. ამ მაგისტრალიდან გვერდებზე გადის უფრო ვიწრო ქუჩები, რომელთა გაყოლებით სხვადასხვა დანიშნულები მრავალი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, დარბაზი და ნაგებობაა შემორჩენილი. მთავარი ქუჩის ზედა მონაკვეთი მიჰყვება ღრმა ხევს, რომელიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული. ხევში, 10 მეტრის სიღრმეზე, აღმოჩნდა სახელოსნოს ნაშთები და არქეოლოგიური განძი. ხევის კიდეზე ქუჩას გასდევს კლდეში ამოღარული ქვის ფილებით დახურული წყალსაწრეტი არხი. ხევი და მთავარი ქუჩა ქალაქს ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგანაც დასავლეთ ნაწილი უფრო დიდია და უფრო მნიშვნელოვანი. ქალაქის გეგმა განპირობებულია რთული რელიეფით. კლდე სადაც ანსამბლია გამოკვეთილი, დასავლეთისკენ ამაღლებულია, სამხრეთიოთ ვერტიკალურად ჩაჭრილია მტკვრის ნაპირამდე. კლდეში ნაკვეთი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სათავსები ტერასისებურად არის განლაგებული. ტერასა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ეშვება, იშვიათად აღმოსავლეთისკენ. თითოეული მათგანის წინ ხელოვნურად მოსწორებული ქუჩა ან მოედანია. ანტიკური ხანის ყველა დარბაზი ერთსართულიანაი. ფეოდალური ხანის ნაგებობებში ეს პრინციპი დარღვეულია. უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია გზა-ბილიკებით. მათ მკაფიო დაგეგმარება აქვთ. დარბაზების წინ მცირე ზომის ეზო-მოედნებია. დარბაზები განლაგებულია ეზოს ერთ ან სამ მხარეს. ეზოში გამოდის კამაროვანი ან არქიტრავიანი პორტიკი, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულად მასზე დაქვემდებარებულ, მცირე ზომის ქვაბულებს. კომპლექსების უმეტესობას აქვს საკუთარი სამეურნეო დანიშნულების სათავსები. დარბაზები გამოკვეთილია ჩვეულებრივი, ზედაპირული სამშენებლო წესების დაცვით. კლდის დარბაზები მორთულობაში ვხვდებით როგორც ქვის არქიტექტურისათვის დამახაიათებელ დეკორს, ასევე ხის ნაგებობათა ელემენტების იმიტაციებსაც. მდებარეობით, ნაგებობათა სიდიდით, არქიტექტურული საზეიმო ხასიათით გამოირჩევა ქალაქის შუა უბანი; ქვემო, სამხრეთისა და ზემო, ჩრდილოეთის, უბნები ბევრად მცირეა და როგორც ჩანს, უფრო სამეურნეო დანიშნულებისაა. ციტადელს გარეთ, მის აღმოსავლეთით და ცრდილოეთით, ზღუდისა და თხრილის გადაღმა, ხელოვნურად გამოყვანილ ტერასებზე ასევე საცხოვრებლად განკუთვნილი ხისა და ქვის საცხოვრებელი სახლები უნდა ყოფილიყო. შუა უბანს უჭიირავს ქალაქის უმეტესი და უმაღლესი ნაწილი. უბანს ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს აქ გამავალი მთავარი ქუჩა. ქუჩიდან დასავლეთის მაღალ ნაპირებამდე, ბაქნებზე და განივ ქუჩებზე, ტერასულად განლაგებულია ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან კიბეებით და ერთად შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნიან. ციტადელის ტერიტორიაზე კლდეში ამოჭრილია არხების ხშირი ქსელი. დადასტურებულია ნაქალაქარში წყალსადენის არსებობა - გათხრების დროს ნაპოვნია ანტიკური კერამიკული მილები, ხოლო უფლისციხიდან 4 კილომეტრის დაშორებით, კვერნაქის ქედის ფერდობზე, "ავაზნების" წყაროსთან - სათავე. ეზოებში ამოკვეთილი მცირე ღრმულები ქანობისაკენ გაჭრილი არხით, აგრეთვე კლდეკარში და მთავარ კარიბჭეში ამოჭრილი ღრმა არხები მოწმობს წყალსაწრეტი სისტემის არსებობას. ორივე ქსელი უმთავრესად გაყვანილი იყო ქუჩებში. სავარაუდოდ არხს თლილი ქვის ფილა ეფარა და ქუჩის ზედაპირი არ იყო დარღვეული. შუა უბანი ქვემო უბნიდან გამოყოფილია მთავარი კარიბჭის კედლით და დაბალი კლდით. ქვემო უბნის აღმოსავლეთ ნაწილის მთელს სიგანეზე, შიდა ქალაქის ყველაზე დაბალ ადგილას, ხელოვნურად მოსწორებული, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კლდით შემოსაზღვრული მოედანია. მოედანზე მდ. მტკვრის ნაპირიდან ამოდის ვიწრო კლდეკარი, რომელიც კლდეში ღრმად არის ჩაჭრილი, შიდა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და ამოდის მოედანზე. მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, შუა უბანთან, ფერდობზე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ნაგებობების კედლების ქვედა ნაწილები. სავარაუდოა, რომ აქ თავდაპირველად კლდეში ამოკვეთილი იყო მხოლოდ ცოკოლები, კედლები კი სხვა მასალით იყო აშენებული. ქვემო უბანში მხოლოდ სამი, მთლიანად კლდეში გამოკვეთილი ნაგებობაა. ფერდობის ზედაპირიდან ჩაღრმავებული უბნის დას. მონაკვეთში, ქარაფის პირას, ეზოიანი სახლია. სახლის ბანის დონეზე ამოჭრილია შუა უბანთან დამაკავშირებელი მეორე გასავლელი. უბნის ჩრდილოეთ მონაკვეთში, მოედნის პირას, გაჭრილია ქუჩა, რომელიც დასავლეთისკენ მიემართება. ქუჩის ორივე მხარეს, 1 მეტრის სიმაღლეზე ჩამწკრივებულია მცირე, დაბალი სათავსები, რომლებიც გადახურული ყოფილა კამარებით, არ ჰქონია წინა კედელი, ისინი დახლების შთაბეჭდილებას ახდენენ. უბნის სამხრეთ მონაკვეთში დიდი დარბაზია, მას ფაქიზად თლილი კიბე აქვს. ამ დარბაზიდან იწყება მდ. მტკვარზე ჩასასვლელი გვირაბი. ზემო უბანი შუა უბანზე განიერია. იგი საცხოვრებლად ყოფილა განკუთვნილი. უბნის დასალეთ მონაკვეთში შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსის მშენებლობაში გამოიყოფა ორი ეტაპი: პირველისთვის დამახასიათებელია კლდის ანსამბლის რაციონალური გამოყენება, მრავალოთახიანი ეზოიანი სახლების გეგმის დახვეწილი ორგანიზაცია, დიდი ოთახები; რაც შეეხება მეორე ეტაპს, ჩანს ქალაქის ნაწილობრივი ნგრევის, რამდენჯერმე გადაკეთების და მტელი ტერიტორიის კაპიტალური რეკონსტრუქციის კვალი - ამ პერიოდში განსხვავებულია სამშენებლო მასალა, კონსტრუქცია, წყობა, შესრულების ხასიათი, კლდის ზედაპირის დამუშავება და ა.შ.
იხ.სურათით " უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი":
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/17323
იხ.სურათით " უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი":
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/17323
სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/უფლისციხე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°58'1"N 44°12'26"E
- ძველი გორი 8.8 კმ
- ძველი რუსთავი 80 კმ
- ძველი რაქა 806 კმ
- ქვახვრელის თემი 0.3 კმ
- დოესის თემი 4 კმ
- კვერნაქის ქედი 6.5 კმ
- სადგური 7.8 კმ
- ჯებირი 7.8 კმ
- გარდატენი 8.2 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- ატენის თემი 14 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ახალქალაქის თემი 16 კმ