იედიყულეს ციხე-კოშკი (სტამბოლი)

Turkey / Istanbul / სტამბოლი
 ციხე-სიმაგრე, მუზეუმი

იედიყულე (თურქ. Yedikule Hisarı, Yedikule Zindanları; „შვიდი კოშკი“) — ისტორიული ციხე-სიმაგრე და საპყრობილე სტამბოლის ამავე სახელწოდების უბანში, „ოქროს კარის“ გადაღმა, მარმარილოს ზღვის პირას.

იედიყულეს ციხე ააგეს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით 1458 წელს. შვიდკოშკიანი ნაგებობა მოიცავდა კონსტანტინეპოლის ძველი კედლის მონაკვეთს, მათ შორის, ძველბიზანტიური ტრიუმფალური „ოქროს კარის“ ორ ტყუპ კოშკს. საუკუნეების მანძილზე, 1830-იან წლებამდე გამოიყენებოდა, როგორც საპყრობილე. 1895 წელს გადაკეთდა მუზეუმად. სხვადასხვა დროს იედიყულეს ცნობილი პატიმრები იყვნენ: ტრაპიზონის უკანასკნელი კეისარი დავით კომნენოსი, ქართლის მეფე სიმონ I, ოსმალეთის სულთანი ოსმან II და ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინკოვიანუ.
ნახიდურთან ბრძოლაში სულთან მეჰმედ III -ის(1595—1603) გამოგზავნილ მრავალრიცხოვან ჯართან ჯაფარ-ფაშას მეთაურობით ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) ქართლის მეფე სიმონ I ტყვედ ჩავარდა (1599). იგი 1600 წლის 21 ივნისს სტამბოლში ჩაიყვანეს და იედიყულეს (შვიდკოშკა) ციხეში გამოამწყვდიეს.
ქართლის ტახტზე ასული მეფე გიორგი X დიდი გამოსასყიდის ფასად შეეცადა სახელოვანი მამის ტყვეობიდან დახსნას.თავისი ვაჟი დავითი და ასული თინათინი(გულჩარა) მძევლადაც კი გააგზავნა სტამბოლს. ისკანდერ მუნშისა და ევროპული წყაროების ცნობით, თინათინი (გულჩარა) დაახლოვებია მამის სიკვდილის შემდეგ ტახტზე 13 წლის ასაკში ასულ ახალგაზრდა სულთანის აჰმედ I-ის(1603—1617) დედას ჰანდან ვალიდე-სულთანს (გარ.1605 წელს), დაუმსახურებია მისი ნდობა და დიპლომატიური დავალებით ირანში გამგზავრებულა სიმონ I მეფესთან ერთად. სულთანი სიმონ მეფის განთავისუფლების პირობად ირანთან ზავის დადებას მოითხოვდა. სიმონისა და გულჩარას მიზანი ირან-ოსმალეთის დაზავება იყო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სულთანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონი I უკან დააბრუნა და საპასუხისმგებლო მისია მთლიანად გულჩარას დაავალა. ეს მოხდა 1606 წლის გაზაფხულზე. შაჰმა პატივით მიიღო გულჩარა და 1555 წლის ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის პირობების აღდგენა მოითხოვა. პოზიციებს არც ოსმალეთი თმობდა, ამიტომ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ გულჩარა რამდენიმეჯერ გამგზავრებულა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად. 1610 წელს, როცა ოსმალეთის ლაშქარმა შაჰ-აბასს ისევ შეუტია, შაჰმა კვლავ დაიწყო საზავო მოლაპარაკება. 1612 წლის 27 სექტემბერს ირანის დელეგაცია გულჩარას მონაწილეობით სტამბოლში ჩავიდა, რომლის დროსაც მან დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-ირანის დაზავების საქმეში.
მაგრამ სამწუხაროდ ამასობაში 74 წლის მეფე სიმონი I ტყვეობაში გარდაიცვალა (1611 წელს).მისი ცხედარი ქართველებმა დიდი საფასურით გამოისყიდეს,საქართველოში ჩამოასვენეს და თავისი სახელოვანი მამის-ლუარსაბ I-ის გვერდით სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.
ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%94%E1%83%93%E1%...
Nearby cities:
კოორდინატები:   40°59'35"N   28°55'23"E
This article was last modified 6 წლის წინ