მწვანეყვავილას კომპლექსი (ქუთაისი)

Georgia / Imereti / Kutaisi / ქუთაისი
 კოშკი, პანორამის ხედი, სასაფლაო, საინტერესო ადგილები, green area (en), მართლმადიდებლური ეკლესია
 Upload a photo

მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე ამოზიდულ მწვანეყვავილას კონცხის წვერზე, ნაგებობათა ჯგუფია თავმოყრილი. მათ შორის ყველაზე ადრეული კონცხის პირზე აღმართული (ამჟამად აღდგენილი) დარბაზული ეკლესიაა (XII ს.). ეკლესია თლილი ქვის კვადრების შესანიშნავი წყობითაა ნაგები, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ღრმა, ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის საკურთხეველი, აღმოსავლეთით, ასრულებს მცირე ზომის დარბაზს. ინტერიერში შემორჩენილია სადა პროფილის იმპოსტები და თლილი ქვის კამარის ფრაგმენტი. ეკლესიაში დაცული იყო ლაპიდარული წარწერაც, რომელიც ამჟამად ქუთაისის მუზეუმში ინახება.
ამ პატარა ეკლესიის სიახლოვეს, აღმოსავლეთით 1909-1913 წწ. მთავარანგელოზების სახელობის თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათიანი, საკმაოდ მოზრდილი ეკლესიაა აღმართული. შენობის ფასადების გაფორმებაში კლასიცისტური ელემენტებია გამოყენებული. თლილი ქვის კვადრების რეგულარული წყობით ამოყვანილი კედლები ფრონტონებითა და პილასტრებით არის გაფორმებული. შესასვლელი ორია: სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. შენობა წახნაგოვანი გუმბათით სრულდება. დასავლეთ მკლავზე სამრეკლოს ფანჩატურია დაშენებული. ინტერიერში გუმბათი, კედლის მასიურ შვერილებს ეყრდნობა. საკურთხეველს ბემა აქვს.
კონცხის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე, სადაც ძველი სასაფლაოა განთავსებული მაღალი, მძლავრი კოშკი და დარბაზული ეკლესიაა . კოშკი ოთხკუთხაა, ენტაზისიანი. ნაგებია ღია ფერის სხვადასხვა ზომის ქვის ცოცხალი წყობით. შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი ერთი აქვს, გაჭრილია სამხრეთ მხარეს. სწორკუთხა მოხაზულობის შესასვლელის წირთხლები ერთ ქვაშია ამოკვეთილი.
1637-39 წლებში აგებული მცირე ზომის დარბაზული ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სუბსტრუქციაზეა აღმართული. კედლები, ქვიშაქვის სწორი რიგებით არის ამოყვანილი. დაუმუშავებელი ფასადების სისადავეს, ორი სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელისა და აღმოსავლეთისა და სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმლის ღიობის მარტივი ფორმა არღვევს. დასავლეთიდან ეკლესიას მიდგმული აქვს მძლავრ, თაღოვან სვეტებზე დაფუძნებული კარიბჭე. სვეტებს კაპიტელები ამკობს. ეკლესიის ინტერიერი ახლად, 2004 წელს არის მოხატული.
სასაფლაოს ტერიტორიაზე ძველი XIX საუკუნის საფლავები გვხვდება. აქ დაკრძალულნი არიან მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937), იოსებ ოცხელი (1865-1919), კირილე ლორთქიფანიძე (1839-1919) და სხვანი.
იხ.სურათებით ""მწვანეყვავილას" კომპლექსი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'34"N   42°42'57"E
This article was last modified 1 წლის წინ