ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი მდ.ჭვანისწყალზე

Georgia / Samtskhe-Javakheti / Akhaldaba / ს.ხაბელაშვილები
 საინტერესო ადგილები, ხიდი

უნიკალური ხის ხიდი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს დაახლოებით 300 წლის წინ, ადგილობრივი ოსტატის, ვინმე ბერიძის (ალი ოღლუ) მიერაა აგებული. დღეს სოფელში უმეტესობა ბერიძეები ცხოვრობენ და მშენებელს თავის წინაპრად მიიჩნევენ, თუმცა მისი სახელი და ხიდის მშენებლობის ზუსტი თარიღი არავინ იცის.
ხის კოჭებიანი ხიდი, ხის გადახურვით, სოფელ ხაბელაშვილებს, მეზობელ სოფლებთან ბრილთან და ბარათაულთან აკავშირებდა. მისი სიგრძე 25 მეტრია.
ხიდის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ ყველაზე მაგარი და გამძლე ჯიშის ხეები : მუხა, ურთხველა, წაბლი. ქვის ბურჯებისთვის კი, რადგან ადგილზე ქვის ოსტატები არ არსებობდნენ, მშენებელს აქ ლაზები ჩამოუყვანია
2013 წელს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რადგან ის „უნიკალური და უიშვიათესია დასავლეთ საქართველოში თავისი გადახურვით, სამშენებლო ელემენტებითა და ავთენტურობით“.
2015 წელს კი ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღდგენითი სამუშაოები სწორედ 300 წლის წინანდელი მეთოდოლოგიით განხორციელდა და მასში სპეციალისტებთან ერთად ძირითადად ადგილობრივები იყვნენ ჩართულნი.
ამ ხიდზე თავის დროზე ცხენებითაც გადადიოდნენ და ურმებითაც. დღეს კი ძირითადად საფეხმავლოა..
ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი. იატაკი, მოაჯირი, გადახურვის კოჭები ხისაა. ხიდი ორქანობა სახურავით მთლიან სიგრძეზეა გადახურული. ბოლოებისკენ კი სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. გადახურვა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოძებს ეყრდნობა, რომლებიც, თავის მხრივ, დახრილად განლაგებული ძელებით არის გამაგრებული. აღნიშნული ძელები, იატაკის გაყოლებაზე, ჰორიზონტალურად მოთავსებული კოჭებს არის დაყრდნობილი. გადახურვის დამჭერი ძელები რკალური ფორმისაა.
სურათებით: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11703
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'20"N   42°10'47"E
This article was last modified 5 წლის წინ