წუღრუღაშენის ხუთშაბათის წმ. გიორგის ჯვრის წმ. ეკლესია და მამათა მონასტერი

Georgia / Kvemo Kartli / Bolnisi /
 მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

გუმბათოვანი ეკლესია აშენებულია 1212-1222 წლებში, ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვრის სახელზე. მსგავსი სახელის სხვა ეკლესიას ქართული არქიტექტურა არ იცნობს. მისი მშენებელი იყო ჰასან არსენის ძე.
წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ეკლესიის სიგრძეა 12,5 მ, სიგანე 9 მ, ხოლო სიმაღლე 17 მ. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. კიდევ ერთი მინაშენია სამხრეთის მხრიდან,რომელიც ძლიერ დაზიანებულია. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.
ეკლესია მოხატული იყო. ინტერიერში გამოყენებულია შეისრული თაღები. ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები ორიარუსიანია, იატაკიდან 6 მეტრზე. კიბე შემორჩენილი არ არის.
ეკლესიაზე სამი წარწერაა შემორჩენილი. ერთი კარგად იკითხება, ერთი დაზიანებულია, მესამეს კი მხოლოდ რამდნეიმე ასო აქვს. წარწერები მრავალჯერაა გამოცემული, ისინი გამოსცეს მარი ბროსე, ექვთიმე თაყაიშვილმა, პარმენ ზაქარაიამ და სხვებმა. ბოლო გამოცემა ეკუთვნის ვ. სილოგავას.
პირველი, უკეთ შემორჩენილი წარწერა შესრულებულია ასომთავრულით და მოთავსებულია დასავლეთის კარის მარჯვნივ, დიდ ცისფერ ქვაზე. შედგება ათი სტრიქონისგან.
მეორე წარწერა მდებარეობს სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე და შესრულებულია ორი ოსტატის მიერ. ამ წარწერის პირველი ორი სტრიქონი უკეთაა შესრულებული, ვიდრე შემდეგი სამი სტრიქონი.წარწერაში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. წარწერების თავდაპირველი გამომცემლები ვარაუდობდნენ, რომ ნახსენები გიორგი იყო გიორგი ბრწყინვალე და ძეგლსაც XIV საუკუნით ათარიღებდნენ. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა.
ლეგენდა
ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვე, ხელი რომ შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.
გადმოცემით სამალავის და მასში ასეთი უცნაური ფუნქციური რელიეფის არსებობა უკავშირდება ფაქტს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას და ეკლესიის მითვისებას. აღნიშნული სამალავის და ქვის არსებობა მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას სცოდნია.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულებით ეკლესიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია.
წუღრუღაშენი. ტაძარი გუმბათიანი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
წუღრუღაშენი, გალავანი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
წუღრუღაშენი:georgiantravelguide.com/ka/tsughrughasheni
Nearby cities:
კოორდინატები:   41°22'49"N   44°31'47"E
  •  51 კმ
  •  530 კმ
  •  639 კმ
  •  715 კმ
  •  781 კმ
  •  836 კმ
  •  923 კმ
  •  929 კმ
  •  1050 კმ
  •  1109 კმ
This article was last modified 2 წლის წინ