ვარციხე

Georgia / Imereti / Kutaisi / ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category

ვარციხე (ვარდციხე) — სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 559 ადამიანი. სოფელში მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა.
სოფელი მდებარეობს ისტორიულ იმერეთში, იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლისა და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 17 კილომეტრი. სოფელში გავრცელებულია კაკლისა და თუთის ხეები
ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ. მანვე ააშენებინა მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, გეგმით ოთხკუთხა ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს“.
რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1769 წელს გენერალმა ტოტლებენმა მისი გალავანი რამდენიმე ადგილზე გამოანგრევინა, რათა ოსმალებისთვის იქ გამაგრების საშუალება არ მიეცა.XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხე-სიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია. მოჰყავდათ სიმინდი, თამბაქო და ბამბა, მისდევდნენ მევენახეობას.
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.
ვარციხის ტერიტორიაზე 1968 წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოჩენილი წითელლაქიანი კერამიკა და ამფორები აქ რიონ-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც ზეკარზე, ხანისწყლის ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა. გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ვარციხის შემდეგი აღმავლობის ხანას (IX-XI სს.) განეკუთვნება. ამ დროის ცხოვრების კვალი მოიცავს IV-VI სს. ციხე-ქალაქის მთელ ტერიტორიას. მოპოვებული მასალიდან საყურადღებოა IX-X სს. მოჭიქული კერამიკა.

ვარციხიდან 800 მეტრის მოშორებით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას გაითხარა ნამოსახლარი გორა, რომელიც ხელოვნური თხრილით იყო გამაგრებული. აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ანტიკური ხანის კულტურული ფენები ვრცელდება სამოსახლოს ირგვლივ. აღმოჩენილია ადგილობრივი და იმპორტული (შავლაქიანი ჭურჭელი, ამფორები) კერამიკა. გაითხარა ძვ. წ. IV-III სს. სამარხი, რომელშიც გამოვლინდა ბრინჯაოს სამაჯურები, მინისებრი პასტის მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და ე. წ. კოლხური თეთრი.
მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე დაზვერვებით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ვარციხის თანადროულ სამოსახლოთა ნაშთები.
იმერეთის პატარა სოფელი დღეს აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას . ის ოთხი დასახლებული პუნქტიდან შედგება . ძირითადად მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სოფლის შუაგულს წარმოადგენს. სოფელს ესაზღვრება ღვინის ქარხანა და აფხანაურის დასახლება , ხოლო სოფლის ბოლოში მცხოვრებ 110-კომლიან დასახლებას მახათაძეების უბანს ეძახიან. სოფელში ფუნქციონირებს ''ვარციხის საჯარო სკოლა'' , სადაც სწავლობს 200-მდე ბავშვი და მასწავლებელთა უმრავლესობა სერთიფიცირებულია. ღვინის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს . ანანოვების სასახლის ეზო კი ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობს ზაფხულობით . ვარციხეში წირვა-ლოცვა ''ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში'' აღევლინება. ტაძარში ზარი პირვეად 1997 წლის 14 იანვარს დაირეკა და იგი სოფლის მვიდრთ ახალი ცხოვრების დაწყებას აუწყებს.
ვარციხის მიმდებარედ შესაძლებელია შემდეგი ისტორიულ კულტურული ძეგლების მინახულება:
1.სოფ. ვარციხის "ანანოვების" სახელობის სასახლე- რეზიდენცია – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0,5 კმ.
2.სოფ. ვარციხის ციხე–სიმაგრის (ე.წ. თამარ მეფის მოსასვენებელი საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები) – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 3 კმ.
3.სოფ. ვარციხის "ონანოვების" სახელობის სამთავრობო რეზიდენცია – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0,5 კმ.
4. ვარციხის ღვინისა და კონიაკის ქარხანა – აგებული 1860წ.
5.ბაღდათი–ვანის ეპარქიის უძველესი რეზიდენცია – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 8 კმ.
6.სოფ. გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევები (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლე) – აგებულია XI ს. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ გეგუთში, მანძილი ქ. ქუთაისიდან 5 კმ, ხოლო აჯამეთის აღკვეთილიდან - 10 კმ.
apa.gov.ge/ge/protected-areas/cattestone/ajameTis-aRkve...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°8'14"N   42°43'24"E
This article was last modified 6 წლის წინ