წმ. იოანე ღვთისმეტყველის (რუსული) ეკლესია (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / ქიაჩელის ქუჩა, 21
 საინტერესო ადგილები, 1901_construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, ლურჯი მონასტრისგან რამოდენიმე მეტრში დგას. იგი კავკასიის მეფისნაცვალ გოლიცინის დაკვეთით აიგო 1898-1901 წლებში. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას მდგარა VII საუკუნეში დაარსებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი.
ეკლესია მცხეთა-თბილისის საეპარქიოს ეკუთვნოდა, თუმცა წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინებოდა. დღეს ღმრთისმსახურება ქართულად მიმდინარეობს.
ნაგებობა აგურითაა ნაშენი და გარედან თეთრად შებათქაშებული (ეკლესიის შეთეთრების ტრადიცია რუსეთში XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს). ტაძარს ოთხი შესასვლელი აქვს, რომლებიც გრძივი კედლების აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს სიმეტრიულად, ერთმანეთის საპირისპიროდაა გაჭრილი. ამათგან მოქმედი დასავლეთით მოცემული კარებებია.
ინტერიერი სადაა, აქ ერთმანეთს კედლების თეთრი და ცისფერი ბათქაში ენაცვლება. ეს უკანასკნელი აბსიდს, სფერულ გუმბათსა და თაღებს გამოჰყოფს. საკურთხევლის წინ აღმართული, ოქროსფრად მოვარაყებული იკონოსტასი მკვეთრ ფერადოვან აქცენტად აღიქმება.
ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ მხარეს ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომლისკენაც ამავე მხარეს, კედლის სისქეში დატანებული ქვის კიბე მიემართება.
სივრცე კონცენტრირებულია ფართო სფერული გუმბათის ქვეშ. ეს უკანასკნელი აბსიდისა და გრძივი კედლის შვერილებს ეყრდნობა.
ფასადები მუზარადისებრი თაღებით, წყობით გამოყვანილი წრეებით, ლილვებით, ნახევარსვეტებით, ზაკომარებითაა დანაწევრებული. მუდმივად ცვალებადი ფორმები და ელემენტთა სიმრავლე ნაგებობას სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღქმადს ხდის და დინამიურ რიტმს წარმოშობს.
ეკლესიას აღმოსავლეთით, ვიწრო ყელზე აღმართული, ცენტრალური და მის გარშემო განლაგებული ოთხი ცრუ გუმბათი ამშვენებს.
დასავლეთის მკლავზე მაღალი სამრეკლოა დაშენებული, რომელიც კონუსური სახურავითა და მცირე ,,ხახვისებრი თავით” გვირგვინდება.
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაცულია გენერალ-ლეიტენანტის, ლეონიდ ტელიაკოვსკის მიერ ტაძრისთვის შეწირული მაცხოვრის საფლავის ქვის ნატეხი
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'27"N   44°47'19"E
This article was last modified 3 წლის წინ